ომის მუზეუმი 2008 წლის აგვისტოს ისტორიას ინახავს. ის, სიმბოლურად, 8 აგვისტოს გაიხსნა ცხინვალიდან 500 მეტრით დაშორებულ ერგნეთში, სახლში, რომელიც ომის დროს დაბომბვის გამო დაიწვა და დაინგრა. მუზეუმის ექსპონატები ის ნივთებია, რასაც აფეთქებებმა და ცეცხლმა თავისი კვალი დაამჩნია – ფორმა და დანიშნულება შეუცვალა. აქ ნახავთ კასეტური ჭურვების ნამსხვრევებს, რითაც მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბებოდა, ბავშვების დამწვარ სათამაშოებს, ხანძარში მოყოლილ და სანახევროდ დამდნარ ჭურჭელს და რა თქმა უნდა ფოტოებს, რაც ომს და მის შემდომ პერიოდს ასახავს.
ლია ჩლაჩიძემ ამ ყველაფრისთვის საკუთარი სახლის ნაწილი გამოყო. ის ამიერიდან მუზეუმთან ერთად იცხოვრებს ერგნეთში. ფართი, სადაც ექსპონატებია გამოფენილი სიდიდითა და მდიდრულობით ვერ დაიტრაბახებს, ჭერზე განთავსებულ დანახშირებულ მორებს ომის სუნი ჯერაც შერჩენილი აქვს,მაგრამ მწარე რეალობის შეხსენების გარდა, მასში სიყვარულის ისტორიისვისაცაა ადგილი. ელზა მიქელაძემ, რომელიც გორში ცხოვრობს მუზუმს საკუთარი საყურე გადასცა. ის შეყვარებულმა, დაბადების დღეზე 2008 წლის აგვისტოში აჩუქა, თავად კი ბრძოლის ველზე გადაინაცვლა. „ამ ომმა გადაწყვიტა, რომ სამშობლოს ჯარისკაცი ამერჩია ცხოვრების მეგზურად. ეს საყურე იქცა ჩვენი ურთიერთობის ყველაზე ტრაგიკული პერიოდის ყველაზე ტკბილ მოგონებად. დღეს კი ის აღარაა ერთადერთი ძვირფასეულობა ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ორი არაჩვეულებრივი გოგონა გვყავს“, – ამბობს ელზა, რომელიც მუზეუმის გახნაზე ორ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად მოვიდა.
მუზეუმის იდეის ავტორი მისი დიასახლისი ლია ჩლაჩიძე კი ამბობს, რომ მზადების პროცესში ის ცხინვალელ მეგობრებსაც ესაუბრა, ვინც წამოწყებული საქმე შეუქეს და ექსპონატების მოძიების საქმეში დახმარებასაც დაპირდნენ, თუმცა ინკოგნიტოდ. ქართულებსა და ოსებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს ცხინვალში სხვა სახელწოდება აქვს, ამიტომ პირადი უსაფრთხოების შენარჩუნება ყველასთვის ძვირად ფასობს. „2008 წლის 9 აგვისტოს მოვახერხეთ როგორღაც აქედან წასვლა, როდესაც იბომბებოდა ყველაფერი. როგორღაც გადავარჩინეთ ბავშვები და ჩვენი სიცოცხლე, მაგრამ სხვა ვერაფერი. მთლიანად დაიწვა სახლი და დაიფერფლა. თქვენ ხედავთ ახლა ამ სარდაფს. თითოეულ ქვას, ხელს თუ მოკიდებთ, იფშვნება, რადგან ამ ადგილას უზარმაზარმა ცეცხლა დახურულ სივრცეში იტრიალა.“– ამბობს ლია ჩლაჩიძე.
მუზეუმის გახნაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ამერიკის ხმასთან განაცხადა: „რეგიორში რასაც ვაკვირდებით, ძალიან ბევრი ღია კონფლიქტია. აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან 5–ს აქვს გადაუჭრელი კონფლიქტი და ეს შემთხვევითი არაა. რუსეთის ფაქტორია საერთო ილუმინატორი. ალბათ ამ კონტექსტში ჩვენთან, საქართველოში არსებობს ის უნიკალური რესურსი შერიგებისა, რომელიც დღეს მავთულხლართებით დაშორიშორებულ საზოგადოებას აქვს. ძალიან ბევრი ფაქტორი გვაშორებს დღეს ერთმანეთს.
პირველ რიგში ესაა კონფლიქტის ძალიან მწარე გამოცდილება, ტკივილი, რომელიც გაიარა ძალიან ბევრმა ოჯახმა (ტკივილს ყველა თანაბრად განიცდის, ვინც დაკარგა ახლობელი). ბევრი ადამიანი გამოდევნილია სახლიდან. დღეს გვაქვს ხელოვნური ბარიკადები, ფიზიკური ბარიკადები, მავთულხლართები, ბევრი უხილავი ბარიკადიცაა, როგორიცაა სტერეოტიპები, მტრის ხატი, რასაც პროპანდა წლების განმავლობაში აგებს და აძლიერებს სწორედ იმ მიზნით, რომ არ მოხდეს ჩვენი ხალხების დაკავშირება. ხელი შეეშალოს მზარდ კონტაქტებს ადამიანებს შორის. ძალიან კარგად იცის იმ ძალამ, რომელიც კონფლიქტს ღიად ინარჩუნებს, რომ ჩვენ შერიგების რესურსი გვაქვს. უფრო ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან, ვიდრე გვაშორებს.“
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ამერიკის ხმასთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს შერიგების მნიშვნელობასა და გარდაუვალობაზე: „განსაკუთრებით მაღალია შერიგების რესურსი ქართველებსა და ოსებს შორის. ის ისტორია, რომელიც ქართველებსა და ოსებს შორის არსებობს, ფაქტები იმისა, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი ერთმანეთთან თანაცხოვრებას, შეუძლებელია იყოს რაიმენაირად ხელოვნური. ასე რომ, ამ ბუნებრივი მდგომარეობის დარღვევა მოახერხა ოკუპანტმა, მაგრამ მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ თუ დანარჩენ საქართველოს ავიღებთ, დავინახავთ, რომ ქართველები და ოსები მშვენივრად ცხოვრობენ ერთმანეთთან, ოკუპანტის ჩარევის გარეშე. უფრო მეტიც, დღეს საქართველოს ტერიტორიაზე უფრო მეტი ეთნიკური ოსი ცხოვრობს, ვიდრე რუსების ოკუპაციის ქვეშ. სწორედ ამიტომ, შერიგების რესურების არ–ამოქმედების მთავარი ფაქტორი გახლავთ რუსი ოკუპანტი და მისი ქმედებები. მავთულხლართები გახლავთ ამის დადასტურება – ის შექმნილია იმისთვის, რომ შეაკავოს ადამიანებს შორის ურთიერთობა“.
აგვისტოს ომის მუზეუმის ექსპონატები, საყურესა და ფოტოების ნაწილს თუ არ ჩავთვლით ერგნეთიდანაა. ეს ნივთები იმ სახლის მფლობელის საკუთრებას წარმოადგენდა, სადაც ამჟამად მუზუმია, ზოგი კი სამეზობლოშია მოძიებული. ერგნეთი 2008 წლის ომის დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა, სახლების უმეტესობა დაიბომბა და დაიწვა. ასე რომ, მართალია ომის მუზეუმი ახლა ლია ჩლაჩიძის სახლშია, თუმცა შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ომის შედეგად დამწვარი ყოველი სახლი, ზიანის მასშტაბებით, ომის მუზუმს ისედაც წარმოადგენს.
Facebook Forum