ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"კიევის სასამართლო პროცესი" ვენეციის ფესტივალზე აჩვენეს


ვენეციის კინო-ფესტივალზე უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას ფილმი, "კიევის სასამართლო პროცესი" აჩვენეს. ფილმი მეორე მსოფლიო ომისდროინდელ მოვლენებზეა და ომის საშინელებებსა და ადამიანის ბოროტებას ნათლად აჩვენებს მაყურებელს. "როგორც ჩანს, მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა", წერს ფრანგული სააგენტო "აჟანს ფრანს პრესი" ფილმის თემატიკაზე.

ლოზნიცას ფილმში მაყურებელი მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე შეიტყობს. უფრო კონკრეტულად კი მაყურებელი გასული საუკუნის ტრაგედიაზე კიევში, 15 გერმანელისთვის ჩატარებული სასამართლო პროცესიდან გაიგებს, რომელიც 1946 წელს კიევში ჩატარდა. რეჟისორმა რეალური მოვლენების ამსახველი საარქივო მასალებიც გამოიყენა.

მეორე მსოფლიო ომში ჩადენილი დანაშაულებების გახსენებამ ერთგვარი ხიდი შექმნა, მოგონებებსა და უკრაინაში არსებულ დღევანდელ რეალობას შორის. უკრაინა კვლავ ომშია და ამჯერად რუსების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებებს იძიებს.

"ისტორია მეორდება, როდესაც ჩვენ მისგან არაფერს ვსწავლობთ. ჩვენც არც ვსწავლობთ და არც გვინდა, რომ ვიცოდეთ",- თქვა ლოზნიცამ. მისი თქმით, როდესაც რუსებმა უკრაინაში ომი დაიწყეს, უკრაინელები მიხვდნენ, რომ დროში 80 წლით უკან დაბრუნდნენ.

ვენეციის 79-ე ფესტივალი 31 აგვისტოს გაიხსნა და ის 10 სექტემბერს დაიხურება. ეს ყველაზე ძველი კინო-ფესტივალია, რომელსაც საფუძველი 1932 წელს ჩაეყარა და ის ყოველ წელს კინოს სფეროში დიდი განხილვებისა და ბევრი მოლოდინის წყაროა.

XS
SM
MD
LG