ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრასბურგმა 2008 წლის ომის საქმეები რუსეთისგან არ მიიღო


დაბომბვის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ფხვენისში. 2008 წლის აგვისტო.
დაბომბვის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ფხვენისში. 2008 წლის აგვისტო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 21 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

საქმე რუსეთის ფედერაციის მიერ შეტანილ განაჩენს ეხება, რომლის ავტორები ამტკიცებდნენ ქართული მხარის ბრალეულობას 2008 წლის ომის დროს. ამ საქმეების მიღებაზე სტრასბურგმა რუსეთს უარი უთხრა. სწორედ ეს ფაქტი ჰქონდა მხედველობაში იუსტიციის მინისტრს, როდესაც საქართველოს სტრასბურგში მორიგი გამარჯვების შესახებ განაცხადა.

„დღეს ადამინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რამდენიმე ადამიანის საჩივარს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თითქოსდა ქართულმა მხარემ დაარღვია მათი უფლებები.

სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, 2019-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, მოიძია და ევროპულ სასამართლოში წარადგინა ასობით მტკიცებულება, შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციასთან ერთად. დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები.“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:37 0:00

საქმეები - „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წელს შევიდა. მათი ადვოკატირება მოსკოვურმა ორგანიზაციებმა ითავეს. პასუხი სტრასბურგმა მოსკოვურ ადვოკატებს საქმის შეტანიდან 13 წლის შემდეგ გასცეს იმით, რომ მათ წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადეს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციამ 3300-ზე მეტი სარჩელის მობილიზება მოახდინა, რომელთაგან 2800-მდე საჩივარი უკვე ამორიცხულია წარმოებიდან. თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოდან გაგზავნილი ინდივიდუალური სარჩელების ერთ-ერთი ავტორია, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები, უმეტესწილად, ფაბრიკაციას წარმოადგენს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რაკი ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული სარჩელები დაუშვებლად ცნო, ამით სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. „შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს,“- ამბობს მინისტრი.

თამთა მიქელაძე ომის სარჩელის თაობაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:18 0:00

თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ცალსახად არ აქვს მითითებული ომის პერიოდში, კონკრეტულად კი 7-12 აგვისტოს მიმდინარე მოვლენების დროს, რუსეთის ფედერაციის, როგორც ცხინვალის რეგიონზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებლის თაობაზე.

„ევროპულმა სასამართლომ გააგრძელა იგივე ლოგიკა, რაც რუსეთ-საქართველოს შორის მეორე სახელმწიფოთაშორის განაცხადზე თქვა. ეს ის გახლავთ, რომ 12 აგვისტოს შემდეგ, რაც სამხედრო ოპერაციები შეწყდა, რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონზე, არამედ ბუფერულ ზონაზეც (სანამ რუსული ჯარები გავიდოდა). 12 აგვისტოს შემდეგ ძალიან ნათელია, რუსული კონტროლი ჩანს, მაგრამ 8-12 აგვისტოს პერიოდში სტრასბურგი არც ერთი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას არ გამოკვეთა. ამგვარი მიდგომა შენარჩუნებულია როგორც სახელმწიფოთაშორის სარჩელში, ისე რუსულ ინდივიდუალურ სარჩელებში, რომელსაც დასაბუთებულობის სერიოზული პრობლემა აქვს,“- გვეუბნება თამთა მიქელაძე.

რუსეთის მიერ დაბომბილი შინდისი. 11 აგვისტო, 2008 წ.
რუსეთის მიერ დაბომბილი შინდისი. 11 აგვისტო, 2008 წ.

„აგვისტოს ომის საქმეზე 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა; დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. დღევანდელი განჩინებები წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ, ძალიან დიდ წარმატებას. ამ განჩინებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველომ წარმატებით დაიცვა საქართველოსა და ქართული ჯარის ინტერსები საერთაშორისო სასამართლოში“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ბრძოლა დეოკუპაციისა და სამართლიანობისთვის გრძელდება მშვიდობიანი მეთოდებით და ამ ბრძოლაში საქართველო იქნება წარმატებული. სოციალური სამართლიანობის ცენტრში ფიქრობენ, რომ 8-12 აგვისტოს მოვლენებზე პასუხიმგებლის გამოკვეთისგან სტრასბურგი თავს იკავებს.

დაწყებითი სკოლის შენობა ნიქოზში, დაბომბვის შემდეგ. 2008 წლის აგვისტო
დაწყებითი სკოლის შენობა ნიქოზში, დაბომბვის შემდეგ. 2008 წლის აგვისტო

„8-12 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებზე პასუხიმგებლობა რუსეთის ფედერაციის მიმართ სტრასბურგს არ დაუდგენია, ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ პერიოდში სტრასბურგი პასუსიმგებლობის გამოკვეთის ტვირთს კვლავ გაურბის და ისხლიტავს ისე, როგორც ეს ბანკოვიჩის საქმეში გააკეთა. უფრო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებზე მიუთითებს, თუმცა მე მაინც მაქვს იმედი, რომ 8-12 აგვისტოს იმ ქართულ საქმეებზე, სადაც ძალიან აშკარად ჩანს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, სტრასბურგი რუსეთის პასუხისმგებლობას გამოკვეთს,“- გვეუბნება თამთა მიქელაძე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი გულისხმობს მკვლელობების, სახლების გადაწვის საქმეებს დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში, სადაც შეთანხმებულად მოქმედებდნენ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო, თუ ნახევრად სამხედრო დაჯგუბებები... „მე იმედი მაქვს, რომ ინდივიდუალურ შემთხვევებში, სადაც სასამართლოს საკმარისი მტკიცებულებები ექნება შეფასებისთვის, გადაუხვევს ზოგად მიდგომას და მოახერხებს 8-12 აგვისტოს რუსეთის პასუხისმგებლობის გამოკვეთას.“- ამბობს თამთა მიქელაძე.

Bombed Gori, Gorgia-Russian War, 9 August 2008
Bombed Gori, Gorgia-Russian War, 9 August 2008

2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგმა რუსეთის ფედერაცია 2008 წლის ომის საქმეზე გაამტყუნა, თუმცა ამ დრომდე ღიად რჩება ფულადი კომპენსაციის საკითხი. „კომპენსაცია არ უკავშირდება ამ კონკრეტულ დავას, მიღწეულია გარკვეული შედეგები, რასაც საზოგადოებას მალე ვამცნობთ,“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველო-რუსეთს შორის მეორე სახელმწიფოთაშორისი სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში 2008 წელს შევიდა. აგვისტოს ომით დაზარალებული მოსახლეობა ფართოდ გახელილი თვალებით ელის, როდის დასჯის სტრასბურგი რუსეთს იმ ტკივილის გამო, რაც მათ ომმა მოუტანა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG