ასი წლის წინ, ამერიკის კონგრესის სუპერ-უმრავლესობამ ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებების მისანიჭებლად კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას დაუჭირა მხარი. ეს უფლებები არა საჩუქარი, არამედ ათწლეულების განმავლობაში მცდელობისა და ბრძოლის შედეგი იყო, რომელმაც ამერიკის პოლიტიკაზე გრძელვადიანი ეფექტი დატოვა.
ამერიკის კონსტიტუციაში მე-19 ცვლილების შეტანას, პირველად კენჭი წარმომადგენელთა პალატამ 1919 წლის მაისში უყარა, შემდგომ 4 ივნისს ეს გადაწვეტილება სენატმა დაამტკიცა და მოგვიანებით, ცალკეულმა შტატებმა მოახდინეს ამ ცვლილების რატიფიკაცია.
„ქალებმა დაიმსახურეს, ამისთვის იმუშავეს, მარშირებდნენ, იბრძოლეს, იშიმშილეს, აშიმშილეს, და ყველაფერი გაწირეს ამ ქვეყანაში თავისუფლების გასაზრდელად“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ, ცვლილებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად. „ჩვენი დემოკრატიის დაბადების შემდეგ, ქალებს ცვლილებებისთვის არ დაუცდიათ, არამედ თავად მიაღწიეს ცვლილებებს“, - თქვა მან.
ქალთა სუფრაჟისტების მოძრაობა ქალების საარჩევნო უფლებებისთვის 40 წლიან აქტივიზმსა და ძალზედ ორგანიზებული სტრუქტურას ეყრდნობოდა. ქალებისთვის ხმის უფლების მიღება შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ასისტენ-პროფესორის, დონ ტილის თქმით, გლობალური ტალღის ნაწილი იყო.
„დიდი დრო დასჭირდა "ერთი ადამიანი ერთი ხმა" ცნების ჩამოყალიბებას. მათ შორის კაცებისთვისაც. რადგან ხმის მიცემის უფლება, რა ფორმითაც არსებობდა ის, საკუთრების უფლებას უკავშირდებოდა, საჭირო იყო ამ წარმოდგენის შეცვლა და შემდეგ, იმ წარმოდგენისა, რომ თავად ქალები საკუთრება იყვნენ, სანამ ქალები ხმის მიცემის უფლებას მიიღებდნენ“, - ამბობს ტილი.
ბრძოლა თანასწორობისთვის
1919 წელს, როცა ეს შესწორება იქნა მიღებული, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა ორგანოში ქალები წარმოდგენილი არ იყვნენ. წარმომადგენელთა პალატას ამ მრომდე მხოლო ერთი ქალი წევრი ყავდა: ჟანეტ რანკინი მონტანას შტატიდან, რომელიც სენატისთვის ბრძოლაში დამარცხდა. 1920 წელს, მას შედმეგ რაც საარჩევნო უფლების შესწორება ძალაში შევიდა, ამომრჩევლებმა ოკლაჰომაში წარმომადგენელთა პალატაში ისტორიაში მეორე ქალი აირჩიეს. ამის შემდეგ, და დღემდე, წარმომადგენელთა პალატაში ქალები ყოველთვის იყვნენ და არიან წარმოდგენილი. დღეს კონგრესს 131 კონგრესვუმენი ჰყავს.
„იმან რაც 100 წლის წინ მოხდა საფუძველი ჩაუყარა რეკორდული რაოდენობის ქალების მიერ არჩევნებში მონაწილეობას და მათ სამსახურს, სხდომათა დარბაზში გადაწვეტილებების მიღებას და ამერიკის მომავალი ლიდერების გაზრდაში მონაწილეობას“, - ამბობს კეი ქოულ ჯეიმსი, ქალთა საარჩევნო უფლებების ასწლეულის კომისიის თავმჯდომარე. „ქალები რომლებიც ხმის მიცემის უფლებებისთვის იბრძოდნენ, ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ სჯეროდათ იმ კანონების შესაცვლელად, რომლებიც ქალებს მეორე კლასის მოქალაქეებად მიიჩნევდნენ, საჭირო იყო მათზე ძალაუფლების ქონა ვინც ამ კანონებს ქმნიდა“, - თქვა მან.
ორი წლით ადრე, სანამ კონგრესი სუფრაჟისტულ შესწორება დაამტკიცებდა, პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა კონგრესის საერთო სესიას მიმართა და გერმანიის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ მოუწოდა. ვილსონის თქმით ომი საჭირო იყო „დემოკრატიისთვის მშვიდობიან მსოფლიოს შესაქმნელად“.
ერთი წლის შემდეგ, კონგრესმენმა ჟანეტ რანკინმა წარმომადგენელთა პალატის წინაშე ვუდრო ვილსონის სიტყვები გამოიყენა ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მნიშვნელობის ხაზგასასმელად.
„როგორ უნდა ვუპასუხოთ მათ გამოწვევას, ბატონებო, როგორ უნდა ავუხსნათ დემოკრატიის მნიშვნელობა მათ თუ იგივე კონგრესი, რომელიც მხარს უჭერს ომის დაწყებას რათა მსოფლიო დემოკრატიისთვის უსაფრთხო გახადოს, უარს ამბობს დემოკრატიულობის ეს პატარა კრიტერიუმი ქალებს მიანიჭოს?“, - თქვა მან.
რასიზმი და უთანასწორობა
მაშინ როცა ზოგიერთი ოპონენტი საუბრობდა, იმაზე რომ ქალებს არ ქონდათ მენტალური შესაძლებლობები ხმის მისაცემად, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ფედერალური ცვლილების წინააღმდეგ მიდიოდნენ, რათა შტატებისთვის, განსაკუთრებით სამხრეთში, არ მოეთხოვათ აფრო-ამერიკელი ქალებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭება.
რასიზმი ასევე შეიმჩნეოდა სუფრაჟისტების მომხრეთა შორისაც, რომლებიც შავკანიან ქალებს ეუბნებოდნენ, რომ მარშის მოძრაობის უკანა მხარეს დამდგარიყვნენ ანდა სხვა გზებით ცდილობდნენ მათი მონაწილეობის დისკრედიტირებას. ამასთან, თეთრი ქალები შეეცადნენ თეთრი პოლიტიკოსების შეშფოთების გაქარწყლებას იმ არგუმენტით, რომ ქალთა არჩევნებში ჩართვა ამომრჩეველს შორის თეთრ უმრავლესობას გაზრდიდა.
ბეტი კოლიე-ტომასი, ტემპელის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი ამბობს, რომ შავი ქალების მარგინალიზებას ცდილობდნენ ისინიც, ვინც მოძრაობის შესახებ ისტორიას წერდა. მათ წარმოაჩენდნენ, რომ მოძრაობის დამხმარე როლში და არა მის ცენტრში.
„თუ შავ ქალებს მოაქცევ ცენტრში, სრულიად განსხვავებულ ისტორიას მიიღებ“, - ამბობს ის.
კოლიერ-ტომასის თქმით შავკანიან ქალთა მოთხოვნა ხმის მიცემის უფლება მიეღოთ ადგილობრივ რელიგიურ ორგანიზაციებში დაიწყო. მოგვიანებით კი უფრო დიდ ბრძოლაში გადაიზარდა. ის ამბობს, რომ მათ ამ ბრძოლაში „დენთის“ როლი შეასრულეს.
მიუხედავად მე-19 შესწორებისა, რომლითაც შავკანიან ქალებსაც მიენიჭათ ხმის მიცემის უფლება, მათ ისევე როგორც კაცებს უწევდათ საარჩევნო უბნებზე ისეთ დისკრიმინაციასთან გამკლავება, როგორიცა საარჩევნო გადასახადების თვითნებური მოთხოვნა თუ წიგნიერების ტესტები. ბრძოლა ამ და სხვა ფორმებით ხმის უფლების ჩახშობისა და სეგრეგაციის წინააღმდეგ მე-19 შესწორების მიღების შემდეგაც გაგრძელდა.
თუმცა უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს დღესაც ბევრი გამოწვევა აქვთ გადასალახი, - ამბობს კონგრესვუმენი ბრენდა ლოურენსი.
„მართალია მე-19 შესწორებამ ბევრ ქალს გაუხსნა კარი არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, თუმცა მას არ გადაუწყვეტია ხმის მიცემის უფლების საკითხი ფერადკანიანი ქალებისთვის, ადგილობრივი ინდიელებისა და იმიგრანტი ქალებისთვის, - ამბობს კონგრესვუმანი ბრენდა ლორენსი. „ეს ქალები, სხვებთან ერთად, ერთ საერთო ღირებულ გაკვეთილს იზიარებენ, რომ პროგრესი ინციდენტი არაა. მას სჭირდება მიზანდასახულობის ძალა და თავდადება ჩვენი მიზნებისაკენ, რათა თანასწორობაზე ჩვენი წარმოდგენა რეალობად ვაქციოთ“, - ამბობს ის.
კონგრესში შექმნილი „ქალთა საარჩევნო უფლების ასწლეულის კომისია“ ამ თარიღის საპატივცემულოდ სხვადასხვა ღონისძიებებსა და პროგრამებს გეგმავს. სენატორი ბარბარა მიკულსკი იმედოვნებს, რომ ეს ღონისძიებები და თარიღი ამერიკას შეახსენებს, რომ კონსტიტუცია ყველას აერთიანებს, „და რომ ყველას აქვს შესაძლებლობა ჩვენს საზოგადოებაში თავი იგრძნოს ძლიერად და მიაღწიოს წარმატებას“, - ამბობს მიკულსკი.
თუმცა, ისეთი საკითხები, როგორიცაა რეპროდუქციული უფლებები, დეკრეტი, სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი საბავშვო ბაღები და გენდერული ანაზღაურებით განსხვავებები, ჯერ ისევ პრობლემად რჩება, - ამბობს დონ ტილი პენსილვანიის უნივერსიტეტიდან.
„სუფრაჟისტები ბევრ სხვა განსახვავებულ საკითხში იყვნენ დაინტერესებულნი და ჩართულნი, თუმცა ისინი ამ, ხმის მიცემის უფლების საკითხის გარშემო გაერთიანდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ხმის მიცემა სხვა პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება იყო“, - ამბობს ის. „დღეს იმდენი პრობლემაა, რომ არ არსებობს ცალკეული საკითხი, რომელიც იკვეთება“, - აცხადებს ის.
Facebook Forum