ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკანონო თვალთვალზე სკანდალი გრძელდება


ინტერნეტ თვალთვალის შესახებ შეერთებული შტატების სპეცსამსახურები თავად სპეცსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ამხილა

თითქმის ყველა სახელმწიფო, დაინტერესებული პირები და ბლოგერები მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ საიდუმლო თვალთვალის შესახებ გუგლის ვებ-საიტით და ფეისბუქით გავრცელებულ ინტერნეტ მიმოწერას გამოეხმაურნენ. ამერიკის სპეცსამსახურების ქმედება ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა თანამშრომელმა ამხილა. როგორც ლონდონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი მოგვითხრობს, ბრიტანეთის ხელისუფლება სადამკვირვებლო პროგრამის განხორციელებისას ამერიკის მთავრობასთან საიდუმლო გარიგებაშია მხილებული.

შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მხილების ფაქტი- ინტერნეტის და სატელეფონო საუბრების უზარმაზარი ქსელის თვალთვალის თაობაზე ინფორმაცია მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლის დროს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა უილიამ ჰეიგმა უარყო ბრალდება, რომ ბრიტანული სპეცსამსახურები ამერიკის სადაზვერვო უწყებისგან ბრიტანეთის მოქალაქეების შესახებ მონაცემებს კანონდარღვევით აგროვებდნენ.

უილიამ ჰეიგი: ბრიტანეთის სპეცსამსახურები ყოველი ქმედების დროს ეყრდნობიან და იშველიებენ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობას. ეს იმ შემთხვევაშიც ხდება როცა საქმე ბრიტანეთის გარეთ არსებული ინფორმაციის დამუშავებასაც ეხება.

ემა კარი, რომელიც „ბიგ ბრადერ ვოტჩის“ ბრიტანული კამპანიის ჯგუფის უფროსის მოადგილეა ამ თემაზე თავის მოსაზრებას გვამცნობს.

ემა კარი: უდიდესი კომუნიკაციის მონაცემთა ბაზა ერთ ადგილას იყო გადაქაჩული. ყოველი შემთხვევისთვის, რომ კრიმინალის ჩადენის შემთხვევაში ან სამომავლოდ გადამოწმების მიზნით თუკი ვინმე კრიმინალურ საქმიანობაში იქნებოდა შემჩნეული მასზე ინფორმაცია ყოფილიყო. ეს არ არის ნორმალური ქმედება, დემოკრატიული საზოგადოება ასეთ ფუნდამენტზე არ არის შექმნილი.

თუმცა ზოგიერთი ბრიტანელი თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გამო შეშფოთებას არ გამოხატავს. ლონდონელი ნიკ ჯეიმსი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

ნიკ ჯეიმსი: სპეცსამსახურები რაც უფრო მეტ მონაცემებს შეაგროვებენ მით უკეთესი. თუკი მათ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეეძლებათ მომავალი საშიშროების განსაზღვრა და თავიდან აცილება ეს კარგია.

სკანდალის შესახებ კომენტარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ სამთავრობო თვალთვალი მხოლოდ კანონის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

თუმცა მიმომხილველები ამბობენ, რომ რუსეთის ხელისუფლება თავისუფალ მედიას რუსეთში გასაქანს არ აძლევს. რუსეთის საგამოძიებო ჟანრის ჟურნალისტი ანდრეი სოლდატოვი ამბობს, რომ ბრალდებებს შესაძლოა ინტერნეტის კონტროლის თვალსაზრისით შორს მიმავალი მიზნები ჰქონდეს.

ანდრეი სოლდატოვი: ყველა შეეგუა იმ აზრს, რომ ინტერნეტი გლობალური სამყაროა. ცნობილია, რომ რუსეთში უკვე დაიწყეს იმ არგუმენტების მოშველიება, რომ საჭიროა ეროვნული საზღვრების შექმნა და ახლა ეს რაც ხდება, ძალიან საჭირო მასალას იძლევა ამგვარი არგუმენტების გასამყარებლად.

უკვე დიდი ხანია, რაც დასავლური ქვეყნები ჩინეთს ინტერნეტის ცენზურაში ადანაშაულებენ. ბლოგერი პეკინიდან, მაიკლ ენტი ამერიკის ხმას ტელეფონით გაესაუბრა. ის ამბობს, რომ ამერიკის მიმართ გამოთქმულმა ბრალდებებმა შეიძლება ჩინეთს სარგებლობა მოუტანოს.

მისი თქმით, მთავრობა იტყვის, რომ აი გეუბნებოდით რომ ყველა ქვეყნამ ინტერნეტის კონტროლს მიმართა, და ყველა ის კრიტიკული განცხადება რომელიც ჩვენი მისამართით ინტერნეტის თავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთეთ არასწორი იყო.

ამ თემასთან დაკავშირებით ჩინეთის დედაქალაქში გამოთქმული მოსაზრებები განსხვავებულია. სარა მოდის დიზაინერია.

სარა: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე ეჭვმიტანილი ვარ თუ არა კრიმინალურ საქმიანობაში, თუ ეს ჩემი პირადი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას ეხება-ეს ჩემი საქმეა ბოლოსდაბოლოს. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი პირადი სივრცე -ამბობს ის.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის ამ საკითხს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრის დროს წამოჭრის. მომავალ კვირას ბარაკ ობამა ბერლინში დიდი რვიანის სამიტზე დასასწრებად ჩადის.
XS
SM
MD
LG