ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და თურქეთის ხედვა სირიაზე


პრეზიდენტმა ობამამ აღიარა ბატონი ერდოღანის ძალისხმევა დემოკრატიული სირიის მისაღწევად

პრეზიდენტი ბარაკ ობამა და თურქეთის პრემიერი ერდოღანი თანხმდებიან, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ძალაუფლება უნდა დატოვოს და ქვეყანაში პოლიტიკურ ტრანზიციას შეუწყოს ხელი.
ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ასადზე ზეწოლის გაგრძელება. პრეზიდენტმა ობამამ აღიარა ბატონი ერდოღანის ძალისხმევა დემოკრატიული სირიის მისაღწევად და განაცხადა, რომ კონფლიქტის გადაჭრაში თურქეთი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ასადი უნდა წავიდეს. მან ძალაუფლება გარდამავალ ორგანოს უნდა გადასცეს. ეს არის ერთადერთი გზა კრიზისის გადასაჭრელად. ჩვენ გავაგრძელებთ სირიის საკითხზე მუშაობას ასადის ტირანიისგან გათავისუფლების შემდეგ, სადაც იქნება ადგილი ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფისთვის, სადაც იქნება სტაბილურობა და არა ექსტრემიზმი და ეს შედის ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით თურქეთის ინტერესებში,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
პრემიერმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის და ამერიკის ხედვები სირიის საკითხზე ერთმანეთს „ფარავს“ და ორივე თანხმდება, რომ სირიაში აუცილებელია სისხლისღვრის შეწყვეტა და ახალი მთავრობის ფორმირება.
მისი თქმით, პირველ რიგში უნდა მოხდეს ასადის წასვლა და ტერორისტებისთვის ხელის შეშლა, რათა სირია მათ ბაზად არ გადაიქცეს, ასევე უნდა მოხდეს ქიმიური იარაღის გამოყენების პრევენცია.
„ჩვენ ვსაუბრობთ ცარიელ ჭიქაზე. ვისურვებდი ვითარებას შევხედოთ სავსე ჭიქიდან. გვსურს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, შეაფასოს სირიაში არსებული ვითარება. თურქეთი ამას ცდილობს და მე მჯერა რომ შეერთებული შტატებიც იგივეს გააკეთებს,“ - განაცხადა ერდოღანმა.
მას დაუსვეს შეკითხვა, აქვს თუ არა თურქეთს სამხილი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მან განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ყველა ქვეყანას და გაეროს გადაეგზავნა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა ობამამ.
„ცივილიზებულმა სამყარომ ქიმიური იარაღის გამოყენება ზღვარს მიღმა დააყენა.როდესაც გვექნება უფრო მეტი სამხილი და დავიწყებთ ერთად მუშაობას, შეგვეძლება საერთაშორისო თანამეგობრობას ვაცნობოთ მიზეზები დამატებითი მექანიზმების შესახებ, რათა გაძლიერდეს ზეწოლა ასადის რეჟიმზე,“ -განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
მისი თქმით, ის ინარჩუნებს არჩევანს დამატებითი ნაბიჯების შესახებ, როგორც დიპლომატიური ასევე სამხედრო ზომების ჩათვლით, რადგან ქიმიური იარაღი ემუქრება შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას.
XS
SM
MD
LG