ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი და სირიის კონფლიქტი


ანალიტიკოსები შიშობენ, რომ დაძაბულობა სირიელ დევნილებსა და თურქებს შორის კიდევ უფრო გაიზრდება

შაბათს სირიის საზღვრის სიახლოვეს თურქეთის ქალაქ რეიჰანლიში ორი ავტომობილის აფეთქების შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. ამ ფაქტმა გააძლიერა შეშფოთება სირიის კონფლიქტში თურქეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან იუწყევა, რომ თურქეთში ძლიერდება მთავრობის კრიტიკა სირიელი ამბოხებულების მხარდაჭერის თაობაზე.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი რეგიონში პირველი ლიდერი იყო, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა სირიელი ამბოხებულების მხარდაჭერის შესახებ. თუმცა, როდესაც ძალადობა სირიის ფარგლებს გასცდა და თურქეთის ტერიტორიაზე აფეთქებებიც მოხდა, თურქულმა საზოგადოებამ ერდოღანის მთავრობის პოლიტიკის მიმართ კრიტიკა გააძლიერა. პოლიტიკის ანალიტიკოსი ჩენგიზ აქთარი ამბობს, რომ მომხდარმა აფეთქებებმა საზოგადოების გააქტიურებას შეუწყო ხელი.

„მანამდე ასეთი მასშტაბის აფეთქება თურქეთის ტერიტორიაზე არ მომხდარა. ბევრი ამას სირიაში თურქული პოლიტიკის შედეგად განიხილავს. ვფიქრობ, ხალხს სირიის კონფლიქტში თურქეთის შესაძლო ჩართვა აშინებს. ისინი შიშობენ, რომ ასეთი აფეთქებები ქვეყნის სხვა ადგილებშიც არ არის გამორიცხული,“ - ამბობს აქთარი.

აფეთქებების შემდეგ, თურქეთის ქალაქებში, ანტაკიასა და ანკარაში საპროტესტო აქციები გაიმართა. პროტესტი გამოთქვეს თავად ქალაქ რეიჰანლის მაცხოვრებლებმაც. ამის მიუხედავად პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა ხელისუფლების პოლიტიკა გაამართლა და აღნიშნა, რომ ტერაქტის ავტორების მიზანი საზოგადოების გახლეჩა იყო.
მისი განცხადებით, შეტევების მიზანი თურქეთის შიგნით არეულობა და დაპირისპირება იყო, რათა მოსახლეობაში კითხვები გაჩენილიყო.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ ტერაქტის მიუხედავად თურქეთის მთავრობა პოლიტიკას არ შეცვლის. თუმცა, საზოგადოების პროტესტმა შესაძლოა მთავრობის ქმედებები შეზღუდოს.

„არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება სირიასთან ფართომასშტაბიან კონფრონტაციას მხარს უჭერს. თუმცა, როდესაც საზღვართან ახლოს აფეთქება ხდება, მთავრობამ ტერაქტის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სპეციალური ოპერაცია უნდა განახორციელოს,“ - ამბობს ულგენი.

სირიელი დევნილების პირველი ნაკადი თურქეთმა 2011 წელს მიიღო. თუმცა, მას შემდეგ ვითარება შეიცვალა. რეიჰანლიში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, სირიელ დევნილებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა. ანალიტიკოსი ულგენი ფიქრობს, რომ ძალადობის ეს ფაქტები საზოგადოებაში არსებულ დაძაბულობაზე მიუთითებს.

„ტერორისტული აქტების შემდეგ ვიხილეთ შეტევები სირიელ დევნილებზე. ცხადია, რომ დევნილთა განსახლების ადგილებში მზარდი დაძაბულობა სუფევს, ადგილობრივ მოსახლეობასა და დევნილებს შორის. ამდენად, ეს შეშფოთების საფუძველია და მთავრობამ ამის დარეგულირებაზე უნდა იზრუნოს,“ - ამბობს ულგენი.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ დაძაბულობა სირიელ დევნილებსა და თურქებს შორის კიდევ უფრო გაიზრდება. ამასობაში, ანკარა სხვა ქვეყნებს ასადის მთავრობის წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ორშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაჭრის შესახებ. ამ პროცესის ფარგლებში, საერთაშორისო თანამეგობრობა სამშვიდობო კონფერენციისთვის ემზადება.
XS
SM
MD
LG