ლას-ვეგასში, იმ შენობის გარშემო, სადაც ნევადის საგრაფოს საარჩევნო ბიულეტენებს დაითვლიან, ღობეა აღმართული. არიზონაში შერიფმა თავისი განყოფილება სიფხიზლის მაღალ დონეზე გადაიყვანა და პოტენციური ძალადობისგან დასაცავად, დრონები და სნაიპერები მზადყოფნაში მოიყვანა. სიმშვიდის შენარჩუნებაში დასახმარებლად, 19 შტატში ეროვნული გვარდია გაააქტიურეს ან გაააქტიურებენ.
იმ დროს, როდესაც ამერიკა ხმას აძლევს ტრამპს ან ჰარისს, პოტენციური პოლიტიკური ძალადობის თაობაზე შეშფოთებამ ოფიციალურ პირებს, არჩევნების დღეს და მის შემდეგ უსაფრთხოების გასაძლიერებლად სხვადასხვა ზომების მიღება უკარნახა.
ამის ბევრი აშკარა ნიშანი ჩანს მერყევ შტატებში, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ერთერთი ასეთი შტატია ნევადა, სადაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ ტრამპის მხარდამჭერების პროტესტმა იფეთქა.
წელს იმ პროტესტების ზოგიერთ ადგილს, როგორიც ლას ვეგასის დასათვლელი ცენტრია, ღობე აქვს შემორტყმული.
თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა ორშაბათს თქვა, რომ ალაბამამ, არიზონამ, დელავერმა, აიოვამ, ილინოისმა, ჩრდილოეთ კაროლინამ, ნიუ მექსიკომ, ორეგონმა, ვისკონსინმა და ვაშინგტონმა ეროვნული გვარდია გაააქტიურეს, ხოლო ქალაქ ვაშინგტონს, კოლორადოს, ფლორიდას, ჰავაის, ნევადას, ორეგონს, პენსილვანიას, ტენესის, ტეხასს და დასავლეთ ვირჯინიას ჯარები მზადყოფნის მდგომარეობაში ჰყავთ.
ლას ვეგასის მსგავსად, არიზონაში მარიკოპას საგრაფოს დასათვლელი ცენტრიც ღობით არის შემოსაზღვრული. საგრაფოს შერიფმა პერსონალს ინსტრუქცია მისცა, სამსახურში გამოსაცხადებლად ყველა მზად იყოს. მან განაცხადა, რომ „პოლარიზაცია“ არჩევნების შემდეგ დღეებში უფრო მწვავდება და „კრიმინალთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების მიმართ ნულოვანი შემწყნარებლობა იქნება“.
ზოგიერთმა სკოლამ და ეკლესიამ, სადაც წარსულში საარჩევნო უბნები იყო მოწყობილი, პოტენციურ ძალადობაზე შეშფოთების გამო, წელს ამ როლზე უარი თქვა.
კალიფორნიის ჩეპმენის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი პიტერ სიმი, რომელმაც საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მიმართული მუქარები გამოიკვლია ამბობს, რომ ყველაზე უარესი სცენარი იქნება, თუ ტრამპი არჩევნებს წააგებს და დამარცხებას არ აღიარებს.
მან თქვა, რომ 2021 წელს ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრისგან განსხვავებით, კონფლიქტი შეიძლება იყოს „დაქსაქსული, მრავალ ადგილზე გაფანტული მოვლენები“, რაც სამართალდამცავებს მათზე რეაგირებას გაუძნელებს.