ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-ჯერსი ქუჩაში გასვლის ლიმიტებს აწესებს - ამერიკის შტატები სიტუაციის კონტროლს ხელში იღებენ


ატლანტიკ-სითი, ნიუ ჯერსის შტატი
ატლანტიკ-სითი, ნიუ ჯერსის შტატი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი, შედარებით მკაცრი რეგულაციები და რკომენდაციები გამოსცა. კორონავირუსის საფრთხის გამო, სკოლები არამარტო ზოგიერთ შტატში, არამედ უკვე მთელ შეერთებულ შტატებში დაიხურება.

პრეზიდენტ ტრამპის პრესკონფერენცია
პრეზიდენტ ტრამპის პრესკონფერენცია

ამერიკის მოსახლეობას პრეზიდენტი ტრამპი ურჩევს დაიცვან სოციალური დისტანცირება და 10 კაცზე მეტი რაოდენობით თავშეყრას მოერიდონ. პრეზიდენტი ჯერჯერობით სავალდებულოდ არ აცხადებს, მაგრამ რესტორნების, ბარების, სპორტული კლუბების, კაზინოების მეპატრონეებს მათი დახურვისკენ მოუწოდებს, მოსახლეობას კი სთხოვს, აღარ იმგზავრონ, თუ ამის კრიტიკული აუცილებლობა არ არსებობს.

თუმცა, შეერთებულ შტატებში სიტუაციის კონტროლის მართვის სადავეებს, როგორც ჩანს, ხელში უფრო ცალკეული შტატები იღებენ. ნიუ-ჯერსის შტატში კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, დღეს ქუჩაში გარეთ გასვლაზე შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ განცხადება შტატის გუბერნატორმა ფილ მერფიმ რამდენიმე საათის წინ გააკეთა. გადაწყვეტილება ძალაში დღესვე შედის და თანაც - უვადოდ.

ნიუ-ჯერსის გუბერნატორი ფილ მერფი
ნიუ-ჯერსის გუბერნატორი ფილ მერფი

შეზღუდვა საღამოს 8 საათზე დაიწყება და დილის 5 საათამდე გაგრძელდება. ნებისმიერი არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაადგილება ამ პერიოდში იკრძალება. თითქმის, 9 მილიონიანი მოსახლეობის შტატში ახალი რეგულაციის ადმინისტრირების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. "გვინდა, რომ ყველა შინ დარჩეს და გარეთ არავინ იყოს" - თქვა განცხადებაში ფილ მერფიმ.

მკვეთრ ზომებს მიმართავს ნიუ-ჯერსის მეზობლად მდებარე ნიუ-იორკის შტატიც. ქალაქ ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო აცხადებს, რომ ყველა ზომას განიხილავს, მათ შორის, ნიუ-ჯერსის მსგავსი შეზღუდვის გამოცხადებას. ენდრიუ კუომომ, ნიუ-იორკის გუბერნატორმა მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვაში თქვა, რომ დედამიწაზე ახლა ფაქტობრივად ომია, თანაც ისეთი, როგორიც მას აქამდე არასოდეს უნახავს.

ენდრიუ კუომო, ნიუ-იორკის გუბერნატორი
ენდრიუ კუომო, ნიუ-იორკის გუბერნატორი

ენდრიუ კუომოს თქმით, 20 მილიონიან შტატში ამ მომენტისთვის კოვიდ-19-ზე მხოლოდ 7 000-მდე ანალიზის აღება მოხერხდა. დადებითი პასუხი მოვიდა 950 ადამიანზე. დაღუპულია 7 ადამიანი. თუმცა, ტესტირების ზრდის ფონზე, ისინი მონაცემების მკვეთრ ზრდას მოელიან. ქალაქ ნიუ-იორკში მარტო ერთ დღეში 221 ახალი ინფიცირებული დაფიქსირდა.

ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდებს, საქმეში ამერიკის არმია ჩართოს და სასწრაფოდ დაიწყოს ახალი საავადმყოფოების მშენებლობა. კუომოს თქმით, შტატში მათ მხოლოდ 3 000 ინტენსიური თერაპიის საწოლი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსით დაავადებული მძიმე ავადმყოფების განთავსება მათ შესაძლოა დერეფნებში მოუწიოთ.

აღმოსავლეთ სანაპიროს 3 შტატი ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის და კონექტიკუტის შტატები ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ რესტორნები და ბარები უნდა დახუროს. მათ მუშაობის გაგრძელება შეეძლებათ მხოლოდ ადგილზე მიტანის მომსახურების უზრუნველყოფის შემთხვევაში.

ანალოგიური ვითარებაა ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზეც. კალიფორნიის შტატის ექვსმა ოლქმა, მათ შორის, სან-ფრანცისკომაც საგანგებო ზომები მიიღო, რომლებიც ცნობილია კოდური სახელწოდებით Shelter in Place, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც თავშესაფარისთვის დარჩით ადგილზე. ის ითვალისწინებს სახლებში თავის შეფარებას, სულ ცოტა, 3 კვირით.

ქალაქი სან-ფრანცისკო იტალიის მსგავსად, 24-საათიან გადაადგილების შეზღუდვას აწესებს. ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას შინიდან გასვლა შეეძლება მხოლოდ ექიმთან ვიზიტზე, საყიდლებზე აფთიაქში ან მაღაზიაში.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რეგულაცია ძალაში შედის 17 მარტის დადგომისთანავე, ღამის 12 საათის შემდეგ. რეგულაცია ძალაში რჩება სულ ცოტა, 3 კვირა. ის ითვალისწინებს რი ყოველგვამოგზაურობის შეზღუდვას და ბიზნესების საქმიანობის უმეტესი ნაწილის შეჩერებას, გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობისა.

____

განმარტება: სტატიაში შეცდომით იყო გამოყენებული ტერმინი "კომენდანტის საათი", რაც მალევე შესწორდა და რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG