ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
"11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში შეიჭრნენ. ასობით ადამიანი დაიჭრა, ან დაიღუპა, ხოლო, დაახლოებით 190 000-ზე მეტმა მოქალაქემ სახლი დაკარგა. ბევრზე ომის შედეგები ახლაც ახდენს გავლენას. ქვეყანაში არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც დაინგრა, ოჯახები, რომლებიც გახლეჩილები რჩებიან, თავისუფლად გადაადგილება ისევ არ აღდგენილა და მათი საკუთრება ისევ არ დაბრუნებულა", - განაცხადა ბრიფინგზე მორგან ორტაგუსმა.
პრეს-სპიკერმა ასეევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ რუსეთი არ წყვეტს საქრთველოს ოკუპაციას და რომ დღესაც, ომის წლისთავზე, მისგან მხრადაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი ტერიტორიების ათვისება დაიწყეს: "ეს ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის", - დასძინა მან.
"დღევანდელმა ქმედებამ დაგვანახა, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კერძო საკუთრების უფლებას. რუსეთის მიერ განხორციელებული შეჭრა და საქართველოს 20%-ის ოკუპაცია არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის პრინციპების, ჰელსინკის საბოლოო აქტისა და ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა", - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.
მორგან ორტაგუსმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია და ჯარები გაიწვიოს: "ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების, ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება.
"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, მოახდინოს სრული იმპლემენტაცია ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა. უკან გაიწვიოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ გამოიყენოს ძალა საქართველოს წინააღმდეგ", - განაცხადა ორტაგუსმა.
სახელმწიფო დეპატამენტის თქმით, ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას და ისინი იმუშავებენ იმისთვის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია შეწყდეს:
"ჩვენ არ დავასრულებთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ათასობით იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის უფლებას, რომ დაბრუნდნენ უკან, თავიანთ სახლებში მშვიდობიანად და ღირსეულად. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მოუთმენლად ველით დღეს, როდესაც შეგვეძლება ვიზეიმოთ რუსეთის ოკუპაციის დასრულება", - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
აგვისტოს ომში საქართველოს 412 მოქალაქე დაიღუპა, 1747 კი დაიჭრა.
Facebook Forum