დღეს, 8 აგვისტოს, ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგში, საქართველოს საკითხიც იქნება. ამის შესახებ, „ამერიკის ხმას“, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, საქართველოს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განუცხადა.
სხდომასთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ცნობილი ჯერ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საბჭოს სხდომა, ტრადიციულად, დახურულ კარს მიღმა გაიმართება. სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარს სხდომის თავმჯდომარე ქვეყანა გააკეთებს. ამჟამად, უშიშროების საბჭოს სხოდმის თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთია. განცხადებები, შესაძლოა გაკეთდეს სხდომის მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდანაც.
მანამდე, თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, საქართველოს საკითხის აქტუალობაზე ისაუბრა. დავით ზალკალიანის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში, საქართველოს საკითხი სამჯერ განიხილეს. მინისტრმა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს, გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციებზეც ისაუბრა.
7 აგვისტოს კი, ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში, საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს შეხვდა და აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე, კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულვებელყოფას.
„რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა, კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში." - განაცხადა, გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა.
კახა იმნაძის თქმით, მიუხედავად დაბრკოლებებისა, საქართველო კვლავაც განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას. ამ კონტექსტში, ელჩმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და საქართველოს მთავრობის ინიციატივის შესახებ ისაუბრა. საქართველოს მთავრობის ინიციატივა,„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასევე, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას ისახავს მიზნად.
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დადებითად შეაფასეს შეხვედრაზე მყოფმა, გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ესტონეთის, თურქეთის, ირლანდიის, კანადის, ლიეტვუას, მოლდოვის, პოლონეთის, უკრაინისა და შვედეთის წარმომადგენლები.
შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები გმობენ რუსულ ოკუპაციას და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და გაეროს წესდების პრინციპებს. ასევე, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.