ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მნიშვნელობა აქვს მრავალმხრივ რეზოლუციებს - გაეროს რეზოლუციის კვალდაკვალ


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი

გასულ კვირას, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღეს. მაგრამ, რა პრაქტიკული და სამართლებრივი დატვირთვა აქვს რეზოლუციებს, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს შესახებ იღებენ?

როდესაც დიპლომატები და პოლიტიკოსები ოკუპაციის შესახებ მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში მიღებული დოკუმენტების წარმატებაზე საუბრობენ, ხშირად ჩნდება კითხვები

საოკუპაციო ხაზი, საქართველო
საოკუპაციო ხაზი, საქართველო

მათ ფუნქციაზე - რას შეცვლის რეზოლუცია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც რუსული ოკუპაცია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია?

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე ამბობს, რომ ეს კითხვა ლეგიტიმურია. დიპლომატი განმავრტავს, რომ მსგავსი დოკუმენტები საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი გზავნილია, რაც მოწინააღმდეგესთან სამუშაოდ, მნიშვნელოვან ფონს ქმნის. ელჩის თქმით, სწორედ მსგავსი დოკუმენტების მაღალი გავლენის გამო, მათ წინააღმდეგ რუსეთი ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს.

გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა დევნილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას გენერალური ასამბლეის წინაშე 2008 წლიდან წარადგენს. წლების განმავლობაში, დოკუმენტის მომხრე და მოწინააღმდეგე ქვეყნების რაოდენობა იცვლება. დინამიკა აჩვენებს, რომ მომხრე ქვეყნების რაოდენობა, ძირითადად, იზრდება, მოწინააღმდეგე ხმათა რაოდენობა კი მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიცდის. მაგალითად, 2008 წელს რეზოლუციას 14 მომხრე და 11 მოწინააღმდეგე ჰყავდა, 105-მა ქვეყანამ თავი შეიკავა. წელს, რეზოლუცია ციფრებში ასე გამოიყურებოდა - 79 მომხრე და 15 წინააღმდეგი, 57-მა ქვეყანამ კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

კენჭისყრის შედეგები
კენჭისყრის შედეგები

გასული წლებისგან განსხვავებით, წელს პირველად რეზოლუციის ინიციატორი მხოლოდ საქართველო არ ყოფილა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის თანაავტორი და წარმდგენი, საქართველოსთან ერთად, გაეროს წევრი კიდევ 44 ქვეყანა იყო. კახა იმნაძე ამბობს, რომ ამ გარემოებამ დოკუმენტი კიდევ უფრო წონადი გახადა.

44 ქვეყნის მიერ რეზოლუციის ავტორობისა და ინიცირების გაზიარებას, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევს. ასეც არის, თუმცა, ამ გარემოებასთან ერთად, საინტერესოა კენჭისყრის შედეგები. გასულ წელს რეზოლუციას მხარი 81-მა ქვეყანამ დაუჭირა, 2 ქვეყნით მეტმა, ვიდრე წელს. კახა იმნაძე ამბობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში, მარტივი არითმეტიკით ვერ იხემძღვანელებ და ქვეყნების მიერ პოზიციის ცვლილების შესაძლო თეორიულ მიზეზებზე საუბრობს. დიპლომატი განმარტავს, რომ კონკრეტული ქვეყნის გადაწყვეტილებაზე გავლენა შესაძლოა ბევრმა ფაქტორმა იქონიოს. მათ შორის მოვლენებმაც, რომლებსაც ერთი შეხედვით, საერთაშორისო ურთიერთობებთან არანაირი ლოგიკური ბმა არ აქვს. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, სპორტული ღონისძიებები.

კახა იმნაძე, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, გასული წლების გამოცდილებას იხსენებს. მისი თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენელმა, რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი მხოლოდ იმის გამო შეიკავა, რომ მალევე რუსეთში საფეხბურთო მატჩი იყო დაგეგმილი. ამით დიპლომატი შეეცადა, მისი ქვეყნის ლიდერისთვის, რომელიც რუსეთში დაგეგმილ მატჩს უნდა დასწრებოდა, შესაძლო უხერხულობა აერიდებინა.

კახა იმნაძე "დიპლომატიური არითმეტიკის" შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:12 0:00

სწორედ ასეთი შემთხვების გამო, ქართველი დიპლომატი განმარტავს, რომ წლიდან წლამდე ხმათა რაოდენობის უმნიშვნელო ცვლილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. დიპლომატის თქმით, შესაძლოა ქვეყნებს ჰქონდეთ საუკეთესო ორმხრივი, პარტნიორული ურთიერთობა, თუმცა როცა ჯერი მრავალმხრივ ურთიერთობებზე დგება, ზოგადი პოლიტიკური ფონი მნიშვნიელოვანი ფაქტორია.

მიუხედავად ამისა, დიპლომატებს უწევთ უპასუხონ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს იმაზე, თუ რატომ იცვლიან კონკრეტული ქვეყნები პოზიციებს? თუ კენჭისყრის შედეგებს მარტივი არითმეტიკის წესებით გამოვითვლით, მივიღებთ შედეგს - რეზოლუციამ წელს 4 მხარდამჭერი ქვეყანა დაკარგა, 2 კი დაემატა.

პირველად, რეზოლუციის არსებობის ისტორიაში, მას მხარი დაუჭირა სინგაპურმა. პანამამ კი, რომელიც რეზოლუციას, როგორც წესი, მხარს უჭრდა, შარშან თავი შეიკავა, წელს კი ისევ მხარდამჭერთა რიგებში გადავიდა. ანტიგუა და ბარბუდა, ლიბერია, სან-ტომე და პრინსიპი, საუდის არაბეთი, ის ოთხი ქვეყანაა, რომლებმაც წელს რეზოლუციას მხარი აღარ დაუჭირეს.

საუდის არაბეთმა მხარდაჭერა აღარ დააფიქსირა.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი, საუდის არაბეთის პოზიციამ გამოიწვია, რომელთანაც საქართველოს ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობები აქვს. თბილისსა და რიადს შორის მაღალი რანგის შეხვედრები იმართება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები ისახება. სწორედ ამის გამო გაჩნდა კითხვა, რატომ შეიკავა საუდის არაბეთმა თავი, დოკუმენტის მხარდაჭერისგან.

ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ამის მიზეზი, შესაძლოა, თავშესაფრის საძიებლად, საუდის არაბეთიდან საქართველოში გაქცეული დების საქმე გამხდარიყო. მაშინ საერთაშორისო პრესა წერდა, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის, უვიზო მიმოსვლის გამო, საქართველო თავშესაფრის მაძიებელი ქალებისთვის ტრანზიტულ ქვეყნად იქცა.

საუდის არაბეთი - საერთაშორისო მედიის გამოხმაურება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:11 0:00

ქართველი დიოპლომატი ამბობს, რომ კენჭიყრამდე რამდენიმე დღით ადრე, საუდის არაბეთის წარმომადგენლთან კომუნიკაცია ჰქონდა და მისი პოზიციის შესახებ იცოდა. გახდა თუ არა საუდის არაბეთის თავშეკავების მიზეზი “დების საქმე”? - კითხვაზე კახა იმნაძე პასუხობს, რომ არ სურს სიღრმეებში შევიდეს.

"საუდის არაბეთთან მუშაობას გავაგრძელებთ,"- კახა იმნაძე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:28 0:00

სოციალურ ქსელში საუდელი დების მიმართვა 16 აპრილს გავრცელდა. ისინი ამბობდნენ, რომ საუდის არაბეთიდან საქართველოში გაიქცნენენ, რადგან ოჯახის წევრებისგან საფრთხე ემუქრებოდათ. დები დაცვას გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს თხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ საფრთხე თბილისშიც ემუქრებოდათ, რადგან მათი თქმით, საქართველოში მათ მამა და ძმა ეძებდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დებთან დაკავშირებით, ოფიციალური განცახდება 18 აპრილს გაავრცელა. უწყებამ განმარტა, რომ ოჯახის წევრები, რომლებზეც დები ალ-სუბაიები მიუთითებდნენ, რომ საფრთხე ემუქრებოდათ, საქართველოში არ იმყოფებოდნენ. შსს-მ სუბაიების თანხმობის შემდეგ ისინი თავშესაფრის მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გასავლელად, ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაიყვანა. შვიდ მაისს კი დებმა სოციალური ქსელით განაცხადეს, რომ საქართველო დატოვეს და ახალი ცხოვრების დასაწყებად სხვა ქვეყანაში გაემგზავრნენ. უსაფრთხოების მიზნით, მათ არ დაასახელეს ქვეყანა, რომელმაც თავშესაფარი მისცა.

სომხეთმა 2008 წლის შემდეგ პირველად საწინააღმდეგო პოზიცია არ დააფიქსირა.

რეზოლუციის 11 წლიანი არსებობის ისტორიაში, წელს პირველად მოხდა, რომ სომხეთმა მის წინააღმდეგ ხმა არ მისცა, რეზოლუციის მიმართ პოზიცია საერთოდ არ გამოხატა. სომხეთის წარმომადგენელი კენჭისყრისას დარბაზში არ იმყოფებოდა. საქართველოს საგაერო უწყება და თავად გაეროში საქართველოს წარმომადგენელიც, სომხეთის ნაბიჯს პოზიტიურად აფასებს. დიპლომატი განმარტავს, რომ კონკრეტული დოკუმენტის მიმართ, პოზიციის გამოხატვისგან თავის შეკავება, დიპლომატიურ წრეებში მიღებული პრაქტიკაა და უმრავლეს შემთხვევებში პოზიტიურად აღიქმება.

სომხეთის წარმომადგენლობის დიპლომტიური ნაბიჯი თვისობრივად საინტერესო მოვლენაა. წინა წლების გამოცდილებით, როდესაც სომხეთი რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, რეგიონში მდგომარეობა ასე აღიქმებოდა - არსებობდა საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელსაც ოთხი მეზობელი ქვეყნიდან, ორი ეწინააღმდეგებოდა. ერთი სომხეთი იყო, მეორე კი რუსეთი, რომელიც რეზოლუციის არაპირდაპირი მხარეა. არაპირდაპირი, რადგან რეზოლუცია პირდაპირი მნიშვნელობით არ ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, დოკუმენტი ამას თავისთავად გულისხმობს, ვინაიდან მასში ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიებადაა მოხსენიებული.

რამ განაპირობა სომხეთის გადაწყვეტილება, მიზეზებსა და მიზნებზე პოლიტიკურ ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს შეუძლიათ იმსჯელონ. ოფიციალური პირები კი, ყოველ შემთხვევაში დიპლომატები, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. "ამერიკის ხმამ" გაეროში სომხეთის წარმომადგენლობისგან კომენტარის მიღება სცადა, თუმცა წარმომადგენლობის ოფისი მედიასთან ამ საკითხზე არ საუბრობს.

სომხეთის წარმომადგენელი გაეროში, ნიუ-იორკი
სომხეთის წარმომადგენელი გაეროში, ნიუ-იორკი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი კი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ამბობს, რომ რევოლუციის შემდეგ, სომხეთის პრიორიტეტი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებაა. თუმცა, ნიკოლ პაშინიანის ყოფილი მრჩეველი, გაეროში სომხეთის წარმომადგენლობის ქმედებას ორი ქვეყნის ურთიერთობებში დიდ წინსვლად არ მიიჩნევს.

ნებისმიერ შემთხვევაში, 2019 წლის რეზოლუცია, რამდენიმე პარამეტრით ქვეყნის დიპლომატიური წარმატებაა. ამ წარმატებას, განსაკუთრებულ წონას დოკუმენტის თანასპონსორი ქვეყნების არსებობა განაპირობებს.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს. ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ. ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას. რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გაეროს გენერალურ მდივანს კი საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.

რეზოლუციის წარდგენისას, გაეროს გენერალურ ასამბლეას, კახა იმნაძემ მიმართა. გაეროში საქართველოს ელჩმა, სიტყვით გამოსვლისას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაბრა.

კახა იმნაძის სიტყვით გამოსვლა გაეროში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:19 0:00

XS
SM
MD
LG