ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი 10 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით


ჯონ კირბიმ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა დღეს გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე საქართველოში 10 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ ყოველდღიურ ბრიფინგზე კომენტარი 10 ივლისს რუსული საჯარისო დანაყოფის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით გააკეთა. პარასკევს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების შედეგად ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

კომენტარში ამერიკის საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით გარკვევით არის გამოხატული და ის უცვლელი რჩება: „ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერას“ - განაცხადა ჯონ კირბიმ.

მან ისევ მოუწოდა რუსეთს შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები, რომელიც მოსკოვმა 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით იკისრა. კერძოდ: „გაიყვანოს საკუთარი ძალები კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების სრული ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს“.

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის მიტაცებასთან დაკავშირებით შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმაც გააკეთა და ამ ფაქტს საქართველოს დამცირების და პროვოცირების მცდელობისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა: "პრესიდან მივიღეთ ინფორმაცია, ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართული ტერიტორიის მიტაცების შესახებ. ერთი მხრივ, ამით არ იცვლება არაფერი, გრძელდება ის რაც ხდებოდა, მეორე მხრივ, ეს არის გადადგმული შემდგომი ნაბიჯი საქართველოს დამცირების და მისი პროვოცირების. ამერიკის შეერთებული შტატების და თანამეგობრობის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას და ვამბობთ, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია. მოვუწოდებთ, რომ ასეთი რამ არა ძალის გამოყენებით, არამედ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა წყდებოდეს".

XS
SM
MD
LG