ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრამდე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა კვლავ კიბერ-თავდასხმებია.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია ABC-ის ეთერში თქვა, რომ არცერთი პასუხისმგებლიანი სახელმწიფო არ უნდა მფარველობდეს კრიმინალურ ორგანიზაციებს, რომლებიც კიბერთავდასხმებში და ონლაინ ფულის გამოძალვაში არიან ჩართულნი.
ბლინკენის განცხადებით, პრეზიდენტი ბაიდენი ამას ვლადიმირ პუტინს ძალიან ნათლად ეტყვის. "ჩვენ გვსურს თანამშრომლობა რუსეთთან ამ კრიმინალურ ორგანიზაციებთან გამკლავებაში, რადგან ისინი რუსეთის ტერიტორიიდან მოქმედებენ."
ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესი, "კოლონიური მილსადენი", რომლითაც სამხრეთ აღმოსავლეთ ამერიკაში საწვავის ტრანსპორტირება ხდება და JBS - ხორცის მწარმოებელი კომპანია, გასული თვის განმავლობაში იმ კიბერ-თავდასხმების სამიზნე გახდა, რომლებიც სავარაუდოდ რუსეთიდან იმართებოდა. ორივე კომპანიას მილიონობით დოლარის გადახდა მოუხდა იმისთვის, რომ კიბერთავდასხმის ავტორებს მათთვის ფუნქციონირების საშუალება აღედგინათ. თუმცა, ამერიკელმა სამართალდამცავებმა შეძლეს "კოლონიური მილსადენის" მიერ გადახდილი თანხის ნაწილის დაბრუნება.
ვლადიმირ პუტინმა კვირას სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ამერიკას კიბერ-კრიმინალები გადასცეს, თუმცა მხოლოდ "თანასწორობის პრინციპით". მაგრამ ნათელი არ არის, ვის შეიძლება გულისხმობდეს რუსეთის პრეზიდენტი - რომელ რუსულ კორპორაციებსა ან უწყებებზე მოხდა კიბერ-თავდასხმები, რომლებიც ამერიკიდან იმართებოდა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია, მაგრამ იმედი არ აქვს, რომ ვლადიმირ პუტინის ქმედებები შეიცვლება. კიბერთავდასხმების საკითხი რომ ჟენევაში ორი პრეზიდენტის შეხვედრაზეც იქნება განხილული, ამას სახელმწიფო დეპარტამენტიც ადასტურებს.
Facebook Forum