ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს მთავარი პროკურორი: გამოსასყიდის მიღების მიზნით ჰაკერული თავდასხმები სულ უფრო უარესდება


ოთხშაბათს, შეერთებული შტატების მთავარმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ გამოსასყიდის მიღებით მოტივირებული კიბერ-თავდასხმები “უარესი და უარესი ხდება”.

გარლანდმა კანონმდებლებს უთხრა: “რაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს ძალიან, ძალიან სერიოზული საფრთხეა.”

მთავარი პროკურორის გაფრთხილება გაჟღერდა სენატში მოსმენაზე, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტის 2022 საფინანსო წლის ბიუჯეტის მოთხოვნას განიხილავდა. ამ განცხადებას წინ უძღოდა გასულ თვეში ორი გახმაურებული კიბერ-თავდასხმა, რომელმაც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების და სამართალდამცავი ისტებლიშმენტი შეაჯანჯღარა და კიბერ-თავდაცვის გაძლიერების მოწოდებები წარმოშვა.

გამოსასყიდის მისაღები კომპიუტერული პროგრამით თავდასხმის დროს, ჰაკერები კომპანიის ან ორგანიზაციის მონაცემთა ბაზას კეტავენ და დიდი თანხის სანაცვლოდ, მის გასაღებს სთავაზობენ.

გასულ თვეში, კიბერ-კრიმინალებმა, რომლებიც როგორც მიიჩნევა, რუსეთში არიან ბაზირებული, “კოლონიალ ფაიფლაინის”, ამერიკის საწვავის უდიდესი მილსადენის ოპერატორის ქსელები გატეხეს და ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე საწვავის მიწოდება შეაფერხეს, რაც თავის მხრივ საწვავის დეფიციტის და პანიკურად შესყიდვის საბაბი გახდა. კომპანიამ მოგვიანებით თქვა, რომ ქსელებზე წვდომის აღსადგენად 4.4 მილიონი დოლარი გადაიხადა. ორშაბათს, იუსტიციის დეპარტამენტმა გაამხილა, რომ იმ გამოსასყიდის უმეტესი ნაწილის ჩამორთმევა მოახდა.

გასულ კვირაში, კიბერ-კრიმინალები თავს დაესხნენ ბრაზილიური კომპანიის “ჯეი ბი-ეს” ამერიკულ ფილიალს, რომელიც საქონლის და ღორის ხორცის, მსოფლიოში უდიდესი გადამამუშავებელია. კომპანიამ გამოსასყიდის გადახდაზე უარი თქვა და იძულებული გახდა შეერთებულ შტატებში განლაგებული გადამამუშავებელი ობიექტები გაეჩერებინა.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ამ თავდასხმების უკან მდგარი კრიმინალური ბანდები, “დარქ საიდ” და “არიველ”, სავარაუდოდ რუსეთში არიან ბაზირებული, მაგრამ რუსეთის მთავრობასთან მათი რაიმე კავშირის შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირებს არაფერი უთქვამთ. იუსტიციის დეპარტამენტმა “დარქ საიდი” დაასახელა ჰაკერთა ჯგუფად, რომელიც სამართალდამცავი ოფიციალური პირებისთვის საპასუხო ზომების და გამოსასყიდი თანხის უკან დაბრუნების სამიზნე გახდა.

გამოსასყიდის მისაღები კიბერ-თავდასხმების საკითხი, სავარაუდოდ ბაიდენის და პუტინის 16 ივნისისთვის დანიშნული შეხვედრის ერთ-ერთი თემაც იქნება. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კანონმდებლებს უთხრა, რომ ბაიდენი პუტინისთვის ნათელს გახდის, რომ “სახელმწიფოებს არ შეუძლიათ უსაფრთხო თავშესაფარს აძლევდნენ მათ, ვინც ასეთ თავდასხმებს ახდენს”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG