ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-რუსეთის გადატვირთვა: სტატუსი და პერსპექტივები


აშშ-რუსეთის გადატვირთვა: სტატუსი და პერსპექტივები
აშშ-რუსეთის გადატვირთვა: სტატუსი და პერსპექტივები

გუშინ ვაშინგტონში მდებარე ვუდროუ ვილსონის სახლობის საერთაშორისო მკვლევართა ცენტრში გაიმართა ბრიფინგი თემაზე „ამერიკა-რუსეთის გადატვირთვა: სტატუსი და განვითარების პერსპექტივები,“ რომელსაც ნიქსონის სახლობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი პოლ სანდერსი გაუძღვა.

გამოსვლის დასაწყისში სანდერსმა აღნიშნა, რომ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ „გადატვირთვის“ პოლიტიკა წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა მიმდინარე და მომავალი წლის მანძილზე წარმოიქმნება რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც „გადატვირთვის“ პოლიტიკის გრძელვადიან წარმატებას განსაზღვრავს. სანდერსის აზრით „გადატვირთვამ“ შედეგები ხუთ სფეროში გამოიღო.

„პირველი ეს გახლავთ ის, რომ ურთიერთობების ტონი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს კი, ჩემი აზრით, ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ობამას ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ნატოში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე ყურადღება არ გაამახვილოს. მართალია რაც შეეხება ამ ქვეყნებს ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მიიღო, მოსკოვში ეს ნაბიჯი კმაყოფილებით აღიქვეს. ამას გარდა, ადმინისტრაციის მიერ ევროპაში ანტი-სარაკეტი სისტემის განლაგების გეგმაში გარკვეული კორექტივების შეტანამ ტონის გაუმჯობესებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა,“ აღნიშნა სანდერსმა.

მეორე კონკრეტულ შედეგს ავღანეთის საკითხის მიმართ რუსეთთან მიღწეული თანამშრომლობა წარმოადგენს, ხოლო მესამეს კი გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების პაკეტის მიღებისას რუსეთის მხარდაჭერა გახლავთ. სანდერსს მიაჩნია, რომ სანქციების მიღებაზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც რუსეთი ირანს S-300 ტიპის ანტი-საჰაერო რაკეტებს აღარ მიაწვდის.

მეოთხე შედეგს ახალი სტარტის ხელშეკრულება და სამოქალაქო ბირთვული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება წარმოადგენს. სანდერსს მიაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის სამოქალაქო ბირთვული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება და რატიფიცირება ახალი სტარტის ხელშეკრულებაზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს კი უწინარეს ყოვლისა იმით აიხსნება, რომ სამოქალაქო ბირთვული საქმიანობის სფეროში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა რუსეთისთვის ფინანსური თვალსაზრისით უაღრესად მომგებიანი იქნება. სხვადასხვა გამოანგარიშებით, იმ შემთხვევაში თუ ხსენებული შეთანხმების გაფორმება და რატიფიცირება მოხერხდა, რუსეთი ამ სფეროში 2-3 მილიარდი დოლარის მოგებას ნახავს.

მეხუთე შედეგს ორმხრივი საპრეზიდენტო კომისიის დაარსება წარმოადგენს. სანდერსის აზრით, ამგვარი მექანიზმის მეოხებით ორი მხარე საკითხების ფართო სპექტრს რეგულარულად იხილავს.

რაც შეეხება რუსეთ-ამერიკული ურთიერთობების მთავარ გამოწვევებს სანდერსმა ირანის საკითხი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პერსპექტივა გამოყო.

სანდერსის აზრით ირანთან მიმართებაში შეერთებული შტატების თანამშრომლობამ რუსეთთან ზღვარს მიაღწია. ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოსკოვი ირანის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიღების წინააღმდეგი იქნება.

„აქ მე მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთმა უკვე მიანიშნა, რომ ის შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან უფრო მკაცრი სანქციების შემოღების წინააღმდეგია რადგან ამგვარი ზომები გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს სცილდება,“ აღნიშნა სანდერსმა.

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით თითქმის დასრულებულია, ეს ბოლო დაბრკოლება როდია, აღნიშნავს ამერიკელი ექსპერტი. როგორც ცნობილია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება რუსეთ-საქართველოს შეთანხმების გაფორმებაზეა დამოკიდებული.

„რუსეთ-საქართველოს შეთანხმების მიღწევა კი ობამას ადმინისტრაციას საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს რადგან, ერთის მხრივ, ადმინისტრაციამ უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ ვაშინგტონი საქართველოს შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს, ხოლო მეორეს მხრივ, ადმინისტრაციამ საქართველოს უნდა აუხსნას, რომ ამერიკა საქართველოს რუსეთს არ დაუთმობს. იმავდროულად ადმინისტრაციამ კონგრესის რესპუბლიკელი წევრები, ვისთანაც პრეზიდენტ სააკაშვილს, ზოგ შემთხვევაში, მიეწვდომება, უნდა დაარწმუნოს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს არ მიატოვებს. ცხადია, რომ ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი დაპირებების მიცემა გარკვეულ დაძაბულობას გამოიწვევს. ამდენად მთავარი საკითხავი ის გახლავთ, თუ რას მოიმოქმედებს ადმინისტრაცია რათა დაარწმუნოს საქართველო რუსეთთან ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება რამდენიმე სირთულე წარმოიქმნას. ერთი სცენარის თანახმად, პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკისგან სამხედრო დახმარებას ითხოვს და სენატის რესპუბლიკელი წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს სამხედრო დახმარება ჯერ-ჯერობით არ მიუღია. ზოგიერთისთვის ეს ბუნებრივად გარიგების მანიშნებელია და თუ ჩვენ ამ მიმართულებით წავალთ, მაშინ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივიდან ყოველივე ეს ბადებს საინტერესო კითხვას - რა სარგებელს მოუტანს შეერთებულ შტატებს რუსეთში ამგვარი სვლა?“ განაცხადა პოლ სანდერსმა.

შეხვედრის დასასრულს ამერიკის ხმის ქართული რედაქციის კითხვაზე თუ რამდენად მზად არის რუსეთის ხელმძღვანელობა დააკმაყოფილოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული საქართველოს ეკონომიკური მოთხოვნები სანდერსმა დასძინა:

„ვფიქრობ რუსეთის მთავრობაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით ამჟამად ისეთი განწყობა სუფევს, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში რაიმე დათმობებზე წასვლას გამორიცხავს.“

XS
SM
MD
LG