ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის პრეზიდენტის ნაუცბადევი ვიზიტი თეთრ სახლში


ანჯეი დუდა (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი (მარჯვნივ)
ანჯეი დუდა (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი (მარჯვნივ)

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს თეთრ სახლში პოლონელ კოლეგას უმასპინძლა. პოლონეთის მემარჯვენე პრეზიდენტ ანჯეი დუდას წინ საპრეზიდენტო არჩევნები აქვს, რომელშიც კანდიდატთა რეიტინგები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა.

დუდა ტრამპის ახლო მოკავშირედ ითვლება. მას დიდი იმედი აქვს, რომ ვაშინგტონი ვარშავას კიდევ უფრო მეტ სამხედრო დახმარებას გაუწევს. პოლონეთი თვლის, რომ რუსეთის მიერ 2014 წელს, მის მოსაზღვრე უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის და ყირიმის ანექსიის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოება კიდევ უფრო გასაძლიერებელია.

ნაუცბადევად დაგეგმილი შეხვედრა ემთხვევა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, გერმანიაში ამერიკული ჯარების შემცირების თაობაზე. თეთრი სახლის ადმინისტრაცია გერმანიაში განლაგებული 34 500-იანი შემადგენლობის 25 000-მდე დაყვანას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, იზრდება სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ გერმანიიდან გამოყვანილი ამერიკული საჯარისო ნაწილები, ან მათი გარკვეული რაოდენობა პოლონეთში განლაგდება.

„გერმანიაში 52 ათასი ჯარისკაცი გვყავს. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, შეერთებული შტატებისთვის უზარმაზარი ხარჯია. და გერმანიას, როგორც იცით, ნატოს გადასახადებში დავალიანება აქვს“ - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. პოლონეთის რეაქციამ არ დააყოვნა. განცხადება ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ გააკეთა: „დიდი იმედი მაქვს, ჩვენს შორის ბევრი მოლაპარაკების და ჩვენი მხრიდან ნატოში სოლიდური პარტნიორობის ჩვენების შემდეგ, რომ ჯარების ის ნაწილი, რომელსაც ამერიკა გერმანიიდან გაიყვანს, პოლონეთში გადმოინაცვლებს და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს გააძლიერებს“.

პოლონეთის მედია იუწყება, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ვარშავას საბრძოლო და სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები გადასცეს. ვაშინგტონში, ოფიციალური პირები კომენტარისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ ჯერჯერობით პოლონეთში ჯარების გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ყოველივე პოლონეთში პრეზიდენტ დუდას საარჩევნო კამპანიის ნაწილია. პოლონეთის ლიდერს კონკურენტულ გარემოში ხელახალი არჩევის შანსების გაზრდა სურს.

გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორი მაიკლ ბარანოვსკი ამბობს, რომ მარტიდან მოყოლებული, პანდემიის პერიოდში პირველი უცხოელი ლიდერის ვაშინგტონში სტუმრობა პრეზიდენტ ტრამპსაც აწყობს. ისიც საპრეზიდენტო კამპანიაშია ჩართული და ნოემბრის არჩევნებისთვის ემზადება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG