ორშაბათს, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო-ხორაშანის“ ლიდერის, სანაულა ღაფარის პირადობის დადგენის ან მისი ადგილსამყოფელის ინფორმაციისთვის და ასევე ინფორმაციისთვის, რომელიც 2021 წლის აგვისტოში, ქაბულის აეროპორტში სისხლიან თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირების დაკავებას შესაძლებელს გახდის, ჯილდოს აწესებს. ერთ შეტყობინებაზე 10 მილიონ დოლარამდეა დაწესებული.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2020 წლის ივნისში, ექსტრემისტულმა ჯგუფმა ღაფარი ე.წ. „ისლამური სახელმწიფო-ხორაშანის“ ლიდერად დანიშნა. ღაფარი ავღანეთში ამ ჯგუფის ყველა ოპერაციაზე იყო პასუხისმგებელი და ოპერაციების ჩასატარებლად დაფინანსების ორგანიზებას ახდენდა.
ნოემბერში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ღაფარის „საგანგებოდ აღნიშნული გლობალური ტერორისტის“ სტატუსი მიანიჭა.
აშშ-ს სამხედრო უწყებამ პარასკევს განაცხადა, რომ გასული წლის აგვისტოში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტმა, ქაბულის აეროპორტში ბომბის აფეთქებით, 13 ამერიკელი ჯარისკაცი და სულ მცირე 170 ავღანელი მოკლა.
ნოემბერში ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სჯერათ, „ისლამურ სახელმწიფო-ხორაშანს“ 6-დან 12 თვემდე დროში, ავღანეთის გარეთ თავდასხმების უნარი შეეძლო შეეძინა.