ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელმისაწვდომი ჯანდაცვის კანონი ამერიკაში


კენტუკის ჯანდაცვის მესვეურები იმედოვნებენ, რომ დაუზღვეველი ადამიანების 90 პროცენტზე მეტის ჩართვას შეძლებენ


„კენნექტი“ ჰქვია კენტუკის შტატის პროგრამას, რომელიც შექმნილია ხელმისაწვდომი ჯანდაცვის კანონის ცხოვრებაში გასატარებლად, რომელსაც „ობამაქეარ”-საც უწოდებენ.

შტატის ერთ-ერთი საუკეთესო საექსპორტო ალკოჰოლის, ბურბონისადმი მიძღვნილ ფესტივალზე განლაგებულმა ამ პროგრამის საინფორმაციო ჯიხურმა ინტერესი გამოიწვია იმ დაბნეულ და წინააღმდეგობებში ჩავარდნილ ადამიანებში, რომელთაც სამედიცინო დაზღვევა სჭირდებოდათ.

მაიკ პარკმანს მოსწონს, რომ სისტემა დაზღვევაზე უარს არ ეუბნება მათ, ვისაც უკვე აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, მაგრამ არ მოსწონს, რომ ამ გეგმას უმუშევრებსაც სთავაზობენ.

„ „ობამაქეარ“-ი ყველასთვის არის და მე ვფიქრობ, რომ ის უფრო დასაქმებულ ადამიანებზე უნდა იყოს ორიენტირებული. ვფიქრობ, ეს უნდა მივიღოთ ვინც ვმუშაობთ, გადასახადებს ვიხდით და დახმარებას არ ვღებულობთ. დაზღვევის მიღების საშუალება უნდა მისცენ მათ, ვინც ნამდვილად მუშაობს და უბრალოდ ყველას უფასოდ არ ჩამოურიგონ.“

ქერი ბენაჰანი კენტუკის ჯანდაცვის პროგრამას უძღვება, რომელიც სთავაზობს ჯანდაცვის ფასდაკლებულ გეგმებს. ის ამბობს, რომ საშუალო კლასის ბევრი წარმომადგენელი ვერ ხვდება, რომ კენტაკის პროგრამა „ობამაქეარ’-ის შემადგენელი ნაწილია და ირონიულიც კია, რომ საბოლოოდ ამ პროგრამის ბევრი ასპექტი მათ მოსწონთ კიდეც.

„მათ არ ესმით, რომ ჯანდაცვის ჩვენი პროგრამა „კენნექტ-იც და მედიქეიდ-ის გადიდებაც იმ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის კანონის შემადგენელი ნაწილებია, რასაც ხალხი „ობამაქეარ“-ს უწოდებს. ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ მხოლოდ ადამიანების დაზღვევა გვსურს.“

ოჯახებს 80,000 დოლარზე ნაკლები წლიური შემოსავლით, გარკვეული დახმარების მიღების უფლებაც აქვთ. ბევრ უმუშევარს და ღარიბ დასაქმებულს, რომელიც კენტუკის დედაქალაქში, ფრანკფორტის კლინიკაში მოდის, შესაძლოა უფასო ან სუბსიდირებული სამედიცინო მომსახურებაც ეკუთვნოდეს „ობამაქეარ“-ის გადიდებული „მედიქეიდ“-ის ფარგლებში.

აარონ ვილარდი, რომელსაც დიაბეტი და მაღალი წნევა აწუხებს, ამბობს, რომ აქამდე ის იძულებული იყო არჩევანი სამედიცინო დაზღვევასა და მისი შვილების საკვებს შორის გაეკეთებინა.

„უნდა გითხრათ, რომ ძალიან ძნელია, როცა რაღაცაზე ხელი არ მიგიწვდება.“

მოსალოდნელია, რომ „ობამაქეარ“-ის ფარგლებში მან უფასო სამედიცინო მომსახურება მიიღოს. კენტუკის ჯანდაცვის მესვეურები იმედოვნებენ, რომ დაუზღვეველი ადამიანების 90 პროცენტზე მეტის ჩართვას შეძლებენ ამ პროგრამაში. ახლა მისიის პერსონალი პაციენტებს დაეხმარება გაწევრიანდეს „ობამაქეარ“-ის პროგრამებში, სადაც ისინი მიიღებენ უფრო მეტ ფართო და პროფილაქტიკურ სამედიცინო მომსახურებას, თუმცა ჯანდაცვის მესვეურები ამბობენ, რომ მაინც იქნება საჭირო უფასო კლინიკები ღარიბებისთვის, ყოველ შემთხვევაში, სანამ „ობამაქეარ“-ზე გადასვლა დამთავრდება.
XS
SM
MD
LG