ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი 70 წლისაა. საიუბილეო ღონისძიებები ამ კვირაში ვაშინგტონში გიმართა. კამპანიის დროს და შემდეგაც, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა ნატოს წევრ სახელმწიფოებს, ამბობდა, რომ ისინი საკმარის თანხებს არ ხარჯავდნენ კოლექტიურ თავდაცვაზე და რომ მთელი დატვირთვა შეერთებულ შტატებზე მოდიოდა. ანალიტიკოსები კვლავ სიფრთხილით უდგებიან ამერიკისა და ალიანსის ურთიერთობას.
"ნება მომეცით, გითხრათ, ნატო დრომოჭმული [ორგანიზაციაა]", - თქვა კანდიდატმა ტრამპმა და მისი სიტყვები ატლანტიკის ორივე მხარეს ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო. ალიანსის 70-წლის იუბილის პარალელურად, ამერიკელი ანალიტიკოსები ნატოს მნიშვნელობაზე, მის რელევანტურობაზე, აუცილებლობასა და შესაძლებლობებზე საუბრობენ.
საგარეო პოლიტიკის ექსპერტების უმეტესობა, მათ შორის მარკ სიმაკოვსკვი ამბობს, რომ ნატო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსია ისტორიაში და „ვადაგასულისგან“ ძალიან შორსაა.
„[ნატომ] ცვლილებებთან ადაპტირების შესაძლებლობა წარსულში არაერთხელ აჩვენა. რუსეთის განახლებად საფრთხეებთან გამკლავება იქნება ეს, თუ ნატოს ფლანგის სამხრეთით კრიზისის მენეჯმენტი, ან სხვა ისეთი საკითხები, როგორიცაა კიბერსაფრთხეები და სხვა. ასე რომ, ნატოც იცვლება და მოკავშირეებიც მეტს ხარჯავენ თავდაცვაზე", - ამბობს სიმაკოვსკი, "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარი.
სამხედრო დანახარჯები სწორედ ერთ-ერთი ის საკითხი იყო, რომელზეც ტრამპი ევროპელ მოკავშირეებს ხშირად აკრიტიკებდა და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვდა.
„ყველა დათანხმდა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს მათი ერთგულება, ისინი აპირებენ ის იმდენად გაზარდონ, რამდენადაც აქამდე არასდროს უფიქრიათ“, - ამბობს პრეზიდენტი ტრამპი.
ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2 პროცენტი ყოველ წელს თავდაცვაზე უნდა დახარჯონ. თუმცა 29 წევრი სახელმწიფოდან გასულ წელს ეს მოთხოვნა მხოლოდ 7-მა სახელმწიფომ შეასრულა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს 2%-იანი მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანია. მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კურტ ვოლკერი ამბობს, რომ აუცილებელია ამ დანახარჯების საერთო საჭიროებისა და ინტერესის გააზრება:
„ეს ის არაა, რომ ფულს ვინმე სხვას აძლევთ, თქვენ არ დებთ ფულს სადღაც, სხვაგან, ნატოს ბიუჯეტში. თქვენ ამას თქვენივე თავისთვის ხარჯავთ, მაგრამ ესაა ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების მიმართ ვალდებულების დემონსტრაცია, რაც შემდეგ აძლევს ნატოს იმის რწმენას, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჩვენც უნდა დავეხმაროთ თავდაცვაში, რადგან ისინი საკუთარი ტერიტორიის დასაცავად არიან თავდადებულნი“, - ამბობს ვოლკერი.
ზოგიერთი სხვა ანალიტიკოსის აზრით, თავდაცვაზე დანახარჯები მნიშვნელოვანია, მაგრამ ნატოს უმთავრესი ღირებულება ისაა, რომ მის წევრებს ერთმანეთის ნდობა შეეძლოთ, ტრამპმა კი ეს ნდობა დააზიანა.
„როდესაც ამერიკის პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ალიანსის ღირებულებას, ჩვენი მტრები მოსკოვსა და პეკინში ახლა იმას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ, დაეხმარება თუ არა ნატო მის წევრ პატარა სახელმწიფოებს, რომლებსაც პრეზიდენტი აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნატოს დახმარების ღირსნი არ არიან. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ სამიტზე ადმინისტრაცია ამერიკის ალიანსიდან გამოსვლის გამოცხადებას აპირებდეს", - ამბობდა სიმაკოვსკი უმთავრესი შეხვედრების გამართვამდე.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სოლტენბერგმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომას ოთხშაბათ დილით სიტყვით მიმართა. სამშაბათს ის პრეზიდენტ ტრამპსაც შეხვდა ოვალურ ოფისში.კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში მშვიდობის შენარჩუნებაში ნატოს მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი 70 წლის წინ დემოკრატიული კავშირების დასაცავად და საბჭოთა კავშირის დასაბალანსებლად შეიქმნა.
"1949 წლიდან, ნატოს დაარსებიდან მოყოლებული ყველა მოწვევის კონგრესი, ამერიკის ყველა პრეზიდენტი, თქვენი ჯარისკაცები, კაცები და ქალები ფორმებში, და ხალხი შეერთებულ შტატებში იყო ნატოს ერთგული მხარდამჭერი. ამერიკა ჩვენი ალიანსის ხერხემალია", - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ალიანსის ფარგლებში ამერიკას იმაზე მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე სხვა რომელიმე ძალას მსოფლიოში.
"ჩვენი პარტნიორობის სიძლიერის შესახებ შეკითხვები ატლანტიკის ორივე მხარეს ისმევა. წარსულში ჩვენ გადაგვილახავს ჩვენი უთანხმოებებები. და ეს განსხვავებები ახლაც უნდა გადავლახოთ, რადგან ჩვენი ალიანსი მომავალში კიდევ უფრო დაგვჭირდება", - განმარტა სტოლტენბერგმა.
Facebook Forum