ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ვაშინგტონში 70 წლის იუბილეს აღნიშნავს


ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში იკრიბებიან. ისინი 4 აპრილს ნატოს 70 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

ნატო ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში დაარსდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1949 წელს მისი დაფუძნება ევროპის კონტინენტზე საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელების შეჩერების აუცილებლობას უკავშირდებოდა.

მაშინ ბლოკში მხოლოდ 12 სახელმწიფო ერთიანდებოდა: აშშ, ბრიტანეთი, ბელგია, კანადა, დანია, საფრანგეთი, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია და პორტუგალია. მოგვიანებით ალიანსს 17 ქვეყანა დაემატა, ყველაზე ბოლოს, 2017 წელს, მონტენეგრო გაწევრიანდა. იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ ნატოს არსებობის აუცილებლობა დაადასტურა.

დღეს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში 29 ქვეყანა ერთიანდება. ნატოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ალიანსის მიზანია "წევრი ქვეყნების თავისუფლების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით".

ბლოკის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი აცხადებს, რომ ის მიიღებს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც "გააღრმავებს" მის პრინციპებს და ევროატლანტიკური რეგიონის "უსაფრთხოებაში საკუთარ წვლილს შეიტანს".

საქართველომ 2016 წლის ვარშავის სამიტზე, ნატოში გაწევრიანების გზაზე, "არსებითი პაკეტი" მიიღო. ეს არის ინიციატივების ერთობლიობა, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის გაძლიერება, უსაფრთხოების სფეროში ნატოსთან თანამშრომლობის განვითარება და ალიანსთან თავსებადობის ზრდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG