დღეს, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდებოდა იმ სამი მეზღვაურის მოსაძებნად, რომლებიც ამერიკული სამხედრო ფლოტის სატრანსპორტო თვითმფრინავის ავარიის შემდეგ დაიკარგნენ.
სამხედრო ფლოტის განცხადებით, ორპროპელერიანი „სი 2-ა გრეიჰაუნდი“ თვითმფრინავი კუნძულ ოკინავადან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 925 კილომეტრის მოშორებით, ზღვაში ჩავარდა, როდესაც იაპონიაში ამერიკული ბაზიდან, ავიამზიდ „რონალდ რეიგანზე“ მგზავრების და ტვირთის ტრანსპორტირების გეგმურ ფრენას ახდენდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩამოვარდნიდან დაახლოებით 40 წუთში რვა ადამიანი გადაარჩინეს და ავიამზიდზე გადაიყვანეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ.
რამდენიმე ამერიკულმა და იაპონურმა სამხედრო ხომალდმა და თვითმფრინავმა, დაკარგულთა მოსაძებნად უკვე 320 საზღვაო მილი დაფარა.
Facebook Forum