ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყიდან გასვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს


ერაყში აშშ-ს სამხედრო ძალების მთავარსარდლის გენერალ რეი ოდიერნოს განცხადებით, ამ ეტაპზე აშშ-ს სამხედრო ძალები ერაყში დამოუკიდებელ საბრძოლო დავალებებს აღარ ასრულებენ

პენტაგონის განცხადებით, ძნელია იმის თქმა თუ როდის დატოვებს ერაყს უკანასკნელი ამერიკელი ჯარისკაცი, რადგან იქ დისლოცირებულ სამხედრო ძალებს ბევრი ფუნქციის შესრულება ეკისრებათ და ყველაფერი ცალკეული დავალებების განხორციელებაზე იქნება დამოკიდებული. მართალია ახლახან ერაყი დატოვა ბოლო საბრძოლო განაყოფმა, იქ დარჩენილი საჯარისო ნაწილებისთვის სამხედრო მისია მხოლოდ მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

ხუთშაბათს დილით ერაყ-ქუვეითის საზღვარზე დიდი მოძრაობა შეინიშნებოდა. ამერიკული ჯავშნინანი მანქანების გრძელი რიგი საზღვარს გადადიოდა. ისინი შინ ბრუნდებოდნენ. ამერიკელ ჯარისკაცს ტროი დანაჰის უხაროდა.

„უცებ მხრებიდან ლოდი გადავაგორე. ძალიან მომეშვა. მიხარია, რომ ქუვეითში ვიმყოფები და მალე სახლში დავბრუნდები,“ აღნიშნა ჯარისკაცმა.

ერაყში ერთწლიანი მსახურობის შემდეგ ბევრი ჯარისკაცისთვის ეს სანატრელი მომენტი იყო. მაგრამ ჯარების გაყვანამ გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია რადგან გავრცელებული ცნობების თანახმად ერაყში თითქოს არცერთი საბრძოლო დანაყოფი არ დარჩენილა.

ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ერაყი დატოვა უმსხვილესმა საჯარისო ნაწილმა, რომელსაც მხოლოდ საბრძოლო მისიის შესრულება ეკისრებოდა. მაგრამ ქვეყანაში კვლავინდებურად დისლოცირებულია მცირე საბრძოლო დანაყოფები. ისინი ერაყს 31 აგვისტოს დატოვებენ, პრეზიდენტ ობამას ბრძანების თანახმად. ამას გარდა, მართალია ერაყში 50,000 ამერიკელი ჯარისკაცი მომავალ წელსაც დარჩება, მათ აღარ დაეკისრებათ საბრძოლო მისიის შესრულება. ისინი საბრძოლო მოქმედებეში მხოლოდ მაშინ ჩაერთვებიან თუ მათზე თავდასხმა მოხდა ან თუ ერაყის სამხედრო ძალებმა დახმარება მოითხოვეს.

ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მთავარსარდალმა გენერალმა რეი ოდიერნომ პენტაგონში ივლისში გამართულ ბრიფინგზე ამასთან დაკავშირებით განაცხადა:

„ვფიქრობ 50,000 ჯარისკაცი საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ საბრძოლო პოტენციალს და თუ ერაყელებს დახმარება დასჭირდათ, ჩვენ მათ დავეხმარებით.“

ერაყში მეამბოხეები კვლავინდებურად თავდასხმებს აწყობენ. მაგრამ გენერალი ოდიერნო აღნიშნავს, რომ ერაყის სამხედრო ძალები მზად არიან ჩაიბარონ ქვეყანაში უსაფრთხოების დამყარების პასუხისმგებლობა. მას მიაჩნია, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ შეერთებულმა შტატებმა საკუთარი სამხედრო ძალების შემცირების მეოხებით აღიაროს ეს ფაქტი და შეასრულოს დაპირება. ოდიერნომ ისიც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ერაყში დამოუკიდებელ საბრძოლო დავალებებს აღარ ასრულებენ.

„როცა საუბარია საბრძოლო პატრულირებაზე, ეს, როგორც წესი, ნიშნავს იმას, რომ დანაყოფი გადის გარკვეული მისიის შესასრულებლად, რაც ან წინასწარ განსაზღვრული ამოცანის შესრულებას ან ქვეყანაში მიმდინარე უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციაში წვლილის შეტანას ითვალისწინებს. ჩვენ ამგვარ ოპერაციებს აღარ ვასრულებთ. ჩვენ ერაყის სამხედრო ნაწილებში დამკვირებლებსა და მრჩევლებს ვანაწილებთ. ამდენად ამჟამად ჩვენი სამხედრო ნაწილების უმეტესობა ერაყის სამხედრო ძალებთან ერთად მსახურობს. ჩვენ ასეთნაირად უკვე დაახლოებით ოთხი-ხუთი თვის მანძილზე ვმუშაობთ,“ განაცხადა გენერალმა ოდიერნომ.

ხუთშაბათს ერაყში 56,000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა, მაგრამ ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ აგვისტოს ბოლომდე მათი რიცხვი 50,000-მდე შემცირდება.

რა ფუნქციების შესრულება დაეკისრება ერაყში დარჩენილ ამერიკელ სამხედროებს მომავალი წლის დასასრულამდე? ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ისინი ერაყის სამხედრო ძალებს საჰაერო და ლოგისტიკურ დახმარებას გაუწევენ. ამას გარდა მათ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ერაყის სამხედრო ძალებსა და ქურთულ შენაერთებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება დაევალებათ.

ერაყში დისლოცირებული შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ამჟამად დაყოფილია ეგრეთწოდებულ „საკონსულტაციო და დამხმარე“ ბრიგადებად და არა „საბრძოლო“ ბრიგადებად როგორც ეს ადრე იყო. მაგრამ ეს ბრიგადები იგივე ჯარისკაცებისგან შედგება, ვინც ადრე საბრძოლო დავალებებს ასრულებდნენ და ისინი კვლავინდებურად იგივე შეიარაღებით იქნებიან აღჭურვილნი. პენტაგონის წარმომადგენელი ბრაინ ვითმანი აღნიშნავს, რომ „საბრძოლო“ და „არასაბრძოლო“ საჯარისო შენაერთებს შორის განსხვავებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ თვით მისიის ამოცანები შეიცვალა. ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ოპერაციის სახელწოდებაც შეიცვალა. მაშასადამე ოპერაცია „ერაყის თავისუფლება“ შეიცვალა ოპერაცია „ახალი განთიადით.“

„სახელწოდების შეცვლა ისევე როგორც მისიის ამოცანების შეცვლა ასახავს იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა ერაყში. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ის რაც ადრე მხოლოდ საბრძოლო მისია იყო, ახლა სტაბილიზაციის ოპერაციებით შეიცვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან სამხედროების ნაცვლად ყველაფერს სამოქალაქო პირები გაუძღვებიან,“ აღნიშნა ვითმანმა.

XS
SM
MD
LG