ჰილარი კლინტონი ინდოეთში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. დღეს ქალაქ კალკუტაში სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ინდოეთს მოუწოდა ირანული ნავთობის იმპორტი ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად შეზღუდოს.
კლინტონმა პაკისტანში არსებული ტერორიზმის პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოფიციალური პაკისტანი ყურად არ იღებს შეერთებული შტატების და ინდოეთის მოწოდებას ჰაფიზ მუჰამედ საიდის დაპატიმრების შესახებ. მას მუმბაის ტერაქტის ორგანიზებაში ედება ბრალი, რომელსაც 2008 წელს 166 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამერიკას მიაჩნია, რომ ალ-ყაიდას ამჟამინდელი ხელმძღვანელი, აიმან ალ-ზავაჰირიც პაკისტანში იმყოფება, აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.