ამერიკის კონგრესში სასაზღვრო კრიზისზე და ამ საკითხზე საზოგადოების მხრიდან გამოხატული აღშფოთების დაძლევაზე მსჯელობენ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს კონგრესში რესპუბლიკელ კანონმდებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მან თქვა, რომ ის კონგრესში წარდგენილ ორივე კანონპროექტს უჭერს მხარს, რომელსაც ამ დღეებში წარმომადგენელთა პალატაში განიხილავენ.
თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებით, ტრამპის მხარდაჭერა ნებისმიერ კანონპროექტს ექნება, თუ მასში შევა პრეზიდენტის საემიგრაციო პოლიტიკის რამდენიმე პრინციპი. მათ შორის, სახელდება: "სასაზღვრო კედლის აშენება, საკანონმდებლო ვაკუუმების შევსება, მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერება, ე.წ. ჯაჭვური მიგრაციის შეზღუდვა, ოჯახების დაცილების და სასაზღვრო კრიზისის დაძლევა ისე, რომ ოჯახების დაკავება და დეპორტაცია მოხდეს".
პალატის რესპუბლიკელი წევრი მარკ მედოუსი ამბობს, რომ პრეზიდენტმა მათ საემიგრაციო პრობლემის "სასწრაფოდ" გადაჭრა მოსთხოვა. წარმომადგენელთა პალატა ორივე კანონპროექტზე კენჭისყრას ამ კვირის ბოლომდე გეგმავს.
შეერთებულ შტატებში თანდათან იზრდება სასაზღვრო პოლიტიკის კრიტიკოსთა რიცხვი. ამერიკულ და საერთაშორისო საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა უსაბუთო იმიგრანტი მშობლების შვილებთან დაცილების და დაკავებულთა ცალ-ცალკე მოთავსების ფაქტებს.
საზღვრებთან მოწყობილ დაკავების სპეციალურ პუნქტებში ათასობით ბავშვია განთავსებული, რომლებიც ამერიკული ოჯახების სპონსორობის მოლოდინში არიან. მედიაში მათი ისტერიული ტირილის აუდიოჩანაწერი და ემოციურად მძიმე სცენების ამსახველი ფოტომასალა გავრცელდა, რომელმაც საზოგადოებაში უკმაყოფილების ახალი, კიდევ უფრო ძლიერი ტალღა გამოიწვია.
Facebook Forum