ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმა ამერიკის მთავრობისთვის საკრედიტო ლიმიტი დროებით გაზარდა


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში კენჭი უყარეს მთავრობის მიერ სესხების აღების უფლებამოსილების დეკემბრის დასაწყისამდე გახანგრძლივებას. ამ ნაბიჯით ამერიკაში მომავალ კვირაში დეფოლტის საშიშროება თავიდანაა აცილებული.

პალატამ 3 დეკემბრამდე ვადის გადაწევით 28.4 ტრილიონი დოლარის ღირებულების ვალი კიდევ 480 მილიარდი დოლარით გაზარდა. ამ გადაწყვეტილებას წინ სენატის მსგავსი გადაწყვეტილება უძღოდა. ახლა პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერაღაა საჭირო. შეერთებული შტატების სენატმა ფედერალური მთავრობის სესხის ზედა ზღვარი დროებით გასულ კვირას გაზარდა.

ამ ნაბიჯის გარეშე ამერიკის მთავრობა საკუთარი სესხების მომსახურებას ვეღარ შეძლებდა. დროებითი ზომა ვალების გადახდის საშუალებას წლის ბოლომდე იძლევა. სენატმა გრძელვადიანი გამოსავლის მოსანახად მოლაპარაკებები დეკემბრის დასაწყისამდე გადადო.

კონგრესის გადაწყვეტილება და პრეზიდენტის დასტური დაუყოვნებლივ ფინანსურ კრიზისს გადაჭრის, თუმცა დემოკრატების მიერ კონტროლირებულ საკანონმდებლო ორგანოსა და თეთრ სახლს გრძელვადიანი პრობლემის გადწყვეტა მოუწევთ იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელონ ეს მდგომარეობა შესაძლოა მთელი 2022 წლის განმავლობაში.

სენატის უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი ამბობს, რომ თუკი ამჯერად დემოკრატებს რესპუბლიკელთა საკმარისმა რაოდენობამ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილების დამტკიცებაში, უფრო გრძელვადიანი გადაწყვეტილების მიღებისას მსგავსი რამ აღარ მოხდება. მაკკონელმა დემოკრატებს მოუწოდა ვალის მაქსიმალური ოდენობა თავად დაამტკიცონ.

ამერიკას ამგვარი ვალის მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული აქვს, თუმცა 1965 წლის შემდეგ ის 70-ჯერ შეიცვალა. იქნებოდა ეს მისი ოდენობის გაზრდა, თუ მისი 1-2 წლით შეზღუდვა-შეჩერება. სახელმწიფოს კი თანხის სესხება გამუდმებით სჭირდება, რადგან ის სისტემატურად იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე კორპორაციული თუ ინდივიდუალური გადასახადებით იღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG