ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის ბედი


შეერთებული შტატების მედიის ყურადღების ცენტრში ქვეყნის უზენაესი სასამართლო მოექცა. პრეზიდენტი ობამას მმართველობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევას, ჯანდაცვის რეფორმას, უმაღლეს სასამართლო ორგანოში სერიოზული გამოწვევა ელის. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდ გავლენას იქონიებს.

სასამართლოს შენობის წინ მოწყობილ დემონსტრაციაზე რეფორმის მხარდამჭერებიც არიან და მისი ოპონენეტებიც. მათ შორის დროდადრო ცხარე კამათი მიმდინარეობს, რომელიც მშვიდობიან და ცივილურ ფორმებს არ ცდება. ედ ჰეილი საყოველთაო ჯანდაცვის მომხრეა:

„სამწუხაროა, რომ კანონი ეკონომიკური რეცესიის პერიოდში მიიღეს. ეს ხალხს მის მიმართ უარყოფითად განაწყობს. 100 წელიწადია საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის გატარებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. დადგა დრო დანარჩენ ცივილიზებულ მსოფლიოს შევუერთდეთ და ის საბოლოოდ მივიღოთ“ - ამბობს მომიტინგე.

მის გვერდით მდგომ ქალბატონს პროფკავშირის ემბლემიანი მაისური აცვია და იმ ადამიანთა უფლებების დასაცავად გამოდის, ვისაც დაზღვევის უქონლობის გამო ექიმთან მისვლა და გადაუდებელი მკურნალობის ჩატარება არ შეუძლია. „მე მილიონობით ამერიკელს წარმოვადგენ, რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მე თვითონ ჯანმრთელობის დაზღვევა გამაჩნია“ - აცხადებს ის.

კენ კემპბელი სტომატოლოგია, რომელიც მიტინგზე დასასწრებად კალიფორნიის შტატიდან ჩამოვიდა. იგი კანონის იმ პუნქტის წინააღმდეგ გამოდის, რომელიც 2014 წლამდე ყველა ამერიკელს იძულებულს ხდის ჯანმრთელობის ერთ-ერთი დაზღვევა მაინც შეიძინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმა ელის

ამ ბიუროკრატებმა ვაშინგტონში ჩემი ოჯახის და ჩემი შვილების შესახებ არაფერი იციან და მაიძულებენ ვიყიდო ის, რისი შეძენის არც სურვილი მაქვს და არც შესაძლებლობა. ჩემს ცხოვრებაში მათ არაფერი ესაქმებათ და ჯობია თავი დამანებონ“ - აღშფოთებული აცხადებს კალიფორნიელი სტომატოლოგი.

ბატონი კემპბელი „ჩაის სმის მოძრაობის“ აქტიური მონაწილეა. მისი თანამებრძოლი, ემი ბრაიტონიც ობამას ჯანდაცვის რეფორმის წინააღმდეგ გამოდის და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ვაშინგტონში ოჰაიოს შტატიდან ჩამოვიდა. ქალბატონი ბრაიტონის თქმით რეფორმა არაკონსტიტუციურია და მისი გაუქმება ყოველმიზეზგარეშე უნდა მოხდეს.

საყოველთაო ჯანდაცვის მიღების მხარდამჭერთა მთავარი არგუმენტი ის არის, რომ სამედიცინო მომსახურება მილიონობით დაუცველი ამერიკელისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ოპონენტები კი სახელმწიფოსთვის მის არარენტაბელურობაზე და მომხმარებლისთვის ჯანდაცვის ხარისხის გაუარესებაზე აკეთებენ აქცენტს.

უზენაესმა სასამართლომ სამდღიანი განხილვა დანიშნა, რომელსაც დღეში ხუთსაათნახევარი დაეთმობა. ექსპერტების თქმით ერთი თემისთვის ამხელა დროის დათმობა სასამართლოს ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენას წარმოადგენს. პოლიტოლოგების აზრით 9 უზენაესი მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ექნება გავლენა.

რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატთა ერთ-ერთი ლიდერი, რიკ სანტორუმი უზენაესი სასამართლოს შენობის წინ დრამატულ განცხადებას აკეთებს. ის ამომრჩევლებს პირდება, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ობამას ჯანდაცვის რეფორმას დაუყოვნებლივ გააუქმებს:

თუკი კამპანიას გავაგრძელებთ, რასაც ისედაც ვაპირებ, ობამას ჯანდაცვის რეფორმა მასში ცენტრალურ ადგილს დაიჭერს. ჯერჯერობით კამპანია ისეთი წარმატებით მიმდინარეობს, რომ ეჭვგარეშეა: რეფორმა ამა თუ იმ ფორმით გაუქმდება“ - აცხადებს ნომინაციის პრეტენდენტი.

პრეზიდენტმა ობამამ გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ ორი წლის წინ მიიღო. საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ორად არის გაყოფილი. სპეციალისტების აზრით პოლიტიკურ არენაზე „ჩაის სმის მოძრაობის“ გამოჩენამ და რესპუბლიკელთა პრაიმერებისთვის მედიის მიერ დიდი დროის დათმობამ რეფორმის ოპონენტთა რიცხვი გაზარდა, რის შედეგადაც დღის წესრიგში კანონის კონსტიტუციურობა დადგა.

XS
SM
MD
LG