შეერთებული შტატების კონგრესში დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა ბიუჯეტის დასამტკიცებლად შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. ამის გამო, 20 იანვარს, ამერიკის მთავრობას დაფინანსება შეუწყდა და მთავრობის ზოგიერთმა უწყებამ ნაწილობრივ შეწყვიტა ფუნქციონირება.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა საკუთარ ფუნქციებს აღარ ასრულებს. ნაწილობრივი გათიშვა მხოლოდ იმ სამსახურებს ეხება, რომლებიც ქვეყნის მართვაში მეორეხარისხოვან როლს თამაშობს.
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები აგრძელებს რუტინულ საქმიანობას. თუმცა, თუ ბიუჯეტის დამტკიცება ორშაბათამდე არ მოხდა, ამერიკის დაახლოებით 2 მილიონი ფედერალური სახელმწიფო მოხელის ნახევარს სამსახურში მისვლა აეკრძალება.
მთავრობის დაფინანსების შეწყვეტას ყველაზე დიდი გავლენა შემდეგ უწყებებზე ექნება:
საგადასახადო სამსახური - თუ მანამდე სააგენტო დაფინანსებას არ მიღებს, ორშაბათს უწყების თანამშრომლების 44 პროცენტს, დაახლოებით 45 ათას ადამიანს, სამსახურში წასვლის უფლება არ ექნება.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი - ორშაბათს სამსახურში მისულ თანამშრომლების ნახევარს, დაახლოებით 40 ათას ადამიანს, დაფინანსების მიღებამდე სახლში დაითხოვენ. თუმცა, დეპატრამენტი გააგრძელებს ისეთი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულებას, როგორიცაა გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა.
მთავრობის სხვა დეპარტამენტები - სამართალდამცავი და სადაზვერვო სამსახურების გამოკლებით - თამანშრომლების მინიმალური რაოდენობით გააგრძელებს მუშაობას. ის ადამიანები, რომელებისთვისაც სამსახურში მისვლა სავალდებულოა, მთავრობის დაფინანსების განახლებამდე ხელფასს არ მიიღებენ.
ამერიკის რამდენიმე ქალაქში ამ წუთებში დემონსტრაციები მიმდინარეობს. მთავრობის დაფინანსების შეწყვეტასთან ერთად, რომელიც კონგრესის გადაწყვეტილება იყო, მონაწილეები პრეზიდენტ ტრამპის საიმიგრაციო და სოციალურ პოლიტიკას აკრიტიკებენ.
Facebook Forum