ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიიღებს თუ არა საქართველო თავდაცვით იარაღს?


ექსპერტები აცხადებენ, რომ ამერიკის მხრიდან პოლიტიკის შეცვლას არ უნდა ველოდეთ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვაზე ლიცენზიებს არ გასცემს. ამის მიზეზად კი, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ბოლო პერიოდიდან დღემდე პოლიტიკის გადახედვის პროცესს ასახელებს. თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების მესვეურები აცხადებენ, რომ ამერიკას საქართველოს წინააღმდეგ სამხერდო გაყიდვებზე ემბარგო არ აქვს დაწესებული.

ვაშინგტონი ოფიციალური და საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას ურყევ მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა ამ ყოველივეს ქვეყნისთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის გარეშე აკეთებს.

„უმიზეზოდ რუსეთის პროვოცირება არ შედის არც ამერიკის და არც საქართველოს ინტერესებში. საქართველოსთივის ამერიკული იარღის მიყიდვა კი სწორედ ამ შედეგს მოიტანს
უილიამ კორტნი


ვაშინგტონში დაფუძნებული ჰერითიჯის ფონდის ანალიტიკოსი არიელ კოენი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ მცირე რაოდენობით გაყიდვები უკვე განაახლა საქართველოსთან, ეს მაინც უმნიშვნელო მიღწევაა და ვაშინგტონის საქართველოსთან ურთიერთობის გზა მოსკოვზე გადის:

„ეს თემა უკვე დიდი ხანია განიხილება. დღემდე ღირებული გაყიდვები არ არის და თავდაცვითი იარაღის ყიდვა-გაყიდვა ძირითადად სათადარიგო ნაწილებით ან სამართალდამცავი სააგენტოებისთვის საჭირო აღჭურვილობით შემოიფარგლება. ამერიკა ცდილობს არ გააღიზიანოს რუსეთი და არ გაართულოს ისედაც დაძაბული გადატვირთვის პოლიტიკა, რომელსაც ობამა საკუთარი პრეზიდენტობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს.“

ამერიკის თავდაცვის უნივერსიტეტის ომის კოლეჯის პროფესორი და ამერიკის არმიის პოლკოვნიკი ჯონ ჩიკი კი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის მხრივ ურთიერთობები გამოსწორების გზას ადგას:

„ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში გაუმჯობესების გზას ადგას. სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოც აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ზუსტად შემუშავდეს ამ ურთიერთობის დეტალები. მაგრამ ჩემი აზრით, დღეს ამერიკასა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა არსებობს, ვიდრე ეს თუნდაც ერთი წლის წინ იყო.“

ექსპერტები ამერიკა-საქართველოს სამხედრო ურთიერთობებს განსხვავებულად აფასებენ, თუმცა მათი უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ისეთი თავდაცვითი იარაღის მიყიდვა, როგორიც ანტი-სატანკო და ანტი-საჰაერო სისტემებია კიდევ რამდენიმე ხანი მხოლოდ მოლაპარაკების თემად დარჩება. კოენის თქმით:

„ვიდრე რუსეთი ბატონი ობამასთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, არ მგონია, რომ ამერიკამ საქართველოს რაიმე სახის მნიშვნელოვანი თავდაცვითი იარაღი მიჰყიდოს.“

ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ობამა გაცილებით ფრთხილია რუსეთთან ურთიერთობაში. ეს სიფრთხილე შეიძლება რამდენიმე ძირითად ფაქტორს დავუკავშიროთ, რომლებიც პირდაპირ აისახება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე. ვაშინგტონს მოსკოვი სჭირდება ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული პროგრამის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოებაში, ავღანეთსა და სირიაში სტაბილურობის დამყარებაში და ევროპის ერნერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. გარდა ამისა, ამერიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი პრიორიტეტი ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟებაა, რომელსაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ვაშინგტონი უკვე 4 წელზე მეტია ცდილობს მოსკოვი ამაზე დაიყოლიოს.

ამ კომპლექსური ურთიერთობის ფონზე საქართველო ამერიკისთვის არც პრიორიტეტია და არც იმდენად ღირებული, რომ რუსეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი მიიჩნევს, რომ გამოსავალი ის იქნება, თუ საქართველო იარაღს მესამე ქვეყანაში იყიდის:

„უმიზეზოდ რუსეთის პროვოცირება არ შედის არც ამერიკის და არც საქართველოს ინტერესებში. საქართველოსთვის ამერიკული იარაღის მიყიდვა კი სწორედ ამ შედეგს მოიტანს. ამიტომ, საქართველოსთვის უკეთესი იქნება, თუ ამერიკისგან ძირითადად ეკონომიკური დახმარების მიღებას გააგრძელებს, ხოლო იარაღს სხვა ქვეყნებიდან იყიდის.“

XS
SM
MD
LG