ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესს თავდაცვის მდივან ოსტინთან კითხვები აქვს


თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ქმედება, როცა მან ახალი წლის პერიოდში რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა და ამის შესახებ ინფორმაცია არც საკუთარ მოადგილეს არც ამერიკის პრეზიდენტს და არც კონგრესს მიაწოდა, ამერიკელი კონგრესმენებისთვის მიუღებელია. კანონმდებელთა ნაწილისთვის თავდაცვის მდივნის ეს ქმედება შეშფოთებას იწვევს და კითხვებს ბადებს.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე თავდაცვის მდივანი წარსდგება და კონგრესმენების კითხვებს უპასუხებს.

„სრულიად მიუღებელია, რომ სამ დღეზე მეტი დასჭირდა პრეზიდენტის ინფორმირებას და რომ თავდაცვის მდივანი იმყოფებოდა საავადმყოფოში და არ აკონტროლებდა პენტაგონს… ომი მძვინვარებდა უკრაინასა და ისრაელში, ჩვენს გემებს ცეცხლი გაუხსნეს წითელ ზღვაში და ჩვენი ბაზები ემზადებიან თავდასხმისთვის ერაყსა და სირიაში. მაგრამ მთავარსარდალმა არ იცოდა, რომ მისი თავდაცვის მდივანი მოქმედების გარეშე იყო “,- ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე კონგრესმენი მაიკ როჯერსი.

თემიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ დაგეგმილი მოსმენა ხმაურიანი იქნება, სადაც ოთხვარსკვლავიანი გენერლის პერსონალური ინფორმაციის განხილვა მოხდება.

გასაიდუმლოებული სამედიცინო პროცედურების შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა რამდენიმე კვირის შემდეგ გაავრცელა, მოგვიანებით, განცხადება გააკეთა ლოიდ ოსტინმა და სრული პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. ამერიკელი კანონმდებლების ნაწილისთვის პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულყოფილი და დამაკმაყოფილებელი არ არის. სწორედ ამიტომ გეგმავენ, დღევანდელ მოსმენაზე დეტალური კითხვები დასვან იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა ჰოსპიტალიზაციის საკითხის გასაიდუმლოება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG