ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ლიეტუვისადმი ჩინეთის "ეკონომიკური ძალადობის" საწინააღმდეგო ნაბიჯს დგამს


მიმდინარე კვირაში, ლიეტუვას შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია. ვიზიტი ბალტიისპირეთის ამ ქვეყნისადმი მხარდაჭერის გამოსახატად შედგა, რომელსაც ჩინეთთან მზარდი დავა აქვს, რაც ტაივანთან არის დაკავშირებული.

გასულ თვეში ჩინეთმა ლიეტუვური საქონლის იმპორტი ფაქტობრივად დაბლოკა. ეს ქვეყნის დედაქალაქ ვილნიუსში ტაივანის წარმომადგენლობის გახსნას მოჰყვა. დასავლეთსა და პეკინს შორის დავა სავაჭრო ომში სწრაფადვე გადაიზარდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკული დელეგაციის ვიზიტი დაახასიათა როგორც „მუდმივი, ძლიერი მხარდაჭერა ლიეტუვისადმი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან პოლიტიკური წნეხის და ეკონომიკური ძალადობის წინაშე დგას“. მხარეებმა სავაჭრო ბრუნვის გასაძლიერებელი, 600 მილიონი დოლარის მოცულობის შეთანხმების დანერგვაზე იმსჯელეს.

ლიეტუვასა და ჩინეთს შორის უთანხმოება 2020 წელს დაიწყო, როდესაც ლიეტუვაში, იმ დროისთვის ახალმა მთავრობამ პირობა დადო, რომ ტაივანში - როგორც მათ უწოდებენ - „თავისუფლებისთვის მებრძოლებს“ მხარს დაუჭერდა და ჰონგ-კონგსა და ტიბეტში პეკინის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევები გააკრიტიკა.

გასული წლის ნოემბერში, ვილნიუსში ტაივანის წარმომადგენლობა ოფიციალურად გაიხსნა. ლიეტუვამ განაცხადა, რომ წარმომადგენლობის გახსნა ჩინეთის მიმართ მის პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს და პეკინისგან ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გულისხმობს. მიუხედავად ამისა, ამ ნაბიჯმა პეკინში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG