ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის და ჩინეთის თავდაცვის ლიდერები სინგაპურში პირისპირ პირველად შეხვდნენ


31 მაისს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და ჩინეთის თავდაცვის მინისტრი დონგ იუნი, სინგაპურში "შანგრი-ლას დიალოგის" კულუარებში ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ.

ორმა ოფიციალურმა პირმა ერთმანეთს გაუზიარა შეხედულებები სადავო საკითხების წყებაზე, მათ შორის ტაივანის სრუტეში მზარდ დაძაბულობაზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთსა და ფილიპინებს შორის დაპირისპირებაზე და ასევე დიდ გლობალურ კონფლიქტებზე, როგორიცაა რუსეთის ომი უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი.

75-წუთიანი შეხვედრის დროს, ოსტინმა და დონგმა ხაზი გაუსვეს ორ სამხედრო უწყებას შორის კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას და პირობა დადეს, რომ უახლოეს თვეებში ორივე მხრიდან ამ სამხედრო თეატრის მეთაურებს შორის ცხელ ხაზს აღადგენენ.

ოსტინმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ვაშინგტონის შეშფოთება ბოლოდროინდელი ორდღიანი სამხედრო წვრთნების გამო, რომელიც ტაივანის მახლობლად გაიმართა და პეკინს დაჟინებით მოუწოდა, არ გამოიყენოს ტაივანის პოლიტიკური გარდამავალი პერიოდი, რომელიც დაახასიათა როგორც ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი, დემოკრატიული კუნძულის წინააღმდეგ „ძალდატანების ზომებისთვის“.

თავდაცვის უწყებათა ოფიციალური პირების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ვუ ქიანმა ათობით ჩინელ და უცხოელ ჟურნალისტს, მათ შორის „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ტაივანის საკითხი წმინდად ჩინეთის შიდა საქმედ რჩება და გარეშე ძალებს „ამ საკითხში ჩარევის უფლება არ აქვთ“.

ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის გარდა, ოსტინმა და დონგმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებზე. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გამოთქვა ვაშინგტონის შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის „პირდაპირ წვლილზე რუსეთის უკრაინაზე თავდასხმაში“.

დონგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ,რომ ჩინეთი უკრაინის კონფლიქტში „სამართლიან და მიუკერძოებელ პოზიციას“ ინარჩუნებს.

XS
SM
MD
LG