ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომპრომისი ბიუჯეტის საკითხზე


ამ შეთანხმებით, 2014 და 2015 წელს შეიძლება გაიზარდოს ფედერალური ხარჯები

მიღწეული შეთანხმების შესახებ გვიან სამშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაცია ნიშნავს იმას, რომ შედგა კომპრომისი ბიუჯეტის საკითხზე მკვეთრად განსხვავებული ხედვის მქონე რესპუბლიკელების მიერ დომინირებულ წარმომადგენელთა პალატასა და დემოკრატების მიერ დომინირებულ სენატს შორის. კაპიტოლიუმის ახალი ამბების კონფერენციაზე გამოსვლისას, წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პოლ რაიანი მიესალმა ამ შეთანხმებას.

„ეს შეთანხმება საშუალებას იძლევა, ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ იანვარში აღარ განმეორდება მთავრობის დახურვის სცენარი. ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ გვექნება კრიზისიდან კრიზისამდე სვლისკენ მიდრეკილება.“

ამ შეთანხმებით, 2014 და 2015 წელს შეიძლება გაიზარდოს ფედერალური ხარჯები ამჟამინდელი კანონით გათვალისწინებული მომჭირნეობის დონესთან შედარებით. ეს დაიცავს ბევრ სამამულო და სამხედრო პროგრამებს, ბიუჯეტის ავტომატური შეკვეცისგან, რაც სეკვესტრის სახელითაა ცნობილი და რაც შეიძლებოდა მომხდარიყო ამ შეთანხმების არარსებობის პირობებში. ხარჯვითი ნაწილის გაზრდა იყო სენატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პატი მიურეის მთავარი მიზანი.

„ჩვენს მიერ მიღწეული შეთანხმება წინა პლანზე აყენებს სამუშაო ადგილებს და ეკონომიკის ზრდას, რაც მიიღწევა შემდეგი ორი წლის განმავლობაში სეკვესტრის მავნე შეკვეცების გაუქმებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება და სამედიცინო კვლევები, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები და სამუშაო ადგილები თავდაცვის სფეროში.“


ამ შეთანხმებით, გაზრდილი ხარჯვითი ნაწილის გადაფარვა მოხდება სხვადასხვა დამატებითი შემოსავლებით და ბიუჯეტის დაზოგვებით, რაშიც შედის ფედერალური მუშაკების მიერ საპენსიო პროგრამებში შესატანების გაზრდა. საბოლოო შედეგი, რესპუბლიკელი პოლ რაიანის თანახმად, იქნება დეფიციტის უფრო მეტად შემცირება იმასთან შედარებით, ეს მხოლოდ სეკვესტრით რომ განხორციელებულიყო.

„ეს კანონპროექტი დეფიციტს 23 მილიარდით შეამცირებს და გადასახადების გაზრდასაც არ გამოიწვევს. ის ხარჯვით ნაწილს უფრო ჭკვიანურად შეამცირებს.“

შეთანხმებაში გათვალისწინებული არ არის დემოკრატების მთავარი მოთხოვნა, რომ გაგრძელებულიყო უმუშევართა დახმარების პროგრამა, რომელიც მალე ამოიწურება. ასევე არაა გათვალისწინებული რესპუბლიკელთა მოწოდება, ჩაეტარებინათ იმ ძვირადღირებული პროგრამების რეფორმა, რომლებიც უზრუნველყოფენ პენსიონერების შემოსავალს და სამედიცინო მომსახურებას. თუმცა დემოკრატ პატი მიურეის სიტყვებით, ამ შეთანხმებამ სხვა რამ მოიტანა.

„ეს არ გადაწყვეტს ჩვენს ყველა პრობლემას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზოგიერთი ზიანის გამოსასწორებლად აქ, კონგრესში. რათა ხელახლა მოვიპოვოთ ნდობა და ვაჩვენოთ, რომ კრიზისის მოლოდინის გარეშეც შეგვიძლია რაღაცის გაკეთება.“

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადება , სადაც ამ შეთანხმებას უწოდებს, „კარგ პირველ ნაბიჯს“ ამერიკის ფინანსური სიძნელეების მოგვარების გზაზე.

მიღების შემთხვევაში, ეს შეთანხმება ვაშინგტონს ორმხრივი საბიუჯეტო ომების ორწლიან გადავადებას მისცემს, რამაც კონგრესი ბოლო წლების განმავლობაში მოიცვა. წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა კვირის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი, რასაც მოჰყვება სენატში კენჭისყრა.
XS
SM
MD
LG