5 სექტემბერს, ევროპის საბჭომ ხელმოსაწერად გამოაქვეყნა პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც წინასწარაა შეთანხმებული ევროპის კავშირის ქვეყნებთან, შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან. ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე თავად ევროსაბჭო აქვეყნებს.
გლობალურ კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყნები საკუთარ თავზე ლეგალურ ვალდებულებებს აიღებენ. ხელშეკრულება 57 სახელმწიფოს შორის მიმდინარე დისკუსიების საფუძველზე შეიქმნა და ის ხელოვნური ინტელექტის რისკებთან ერთად, ინოვაციების პასუხისმგებლიან ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.
„ეს კონვენცია მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების უზრუნველყოფისას, არ მოხდება ჩვენი უძველესი ფასეულობების ეროზია, როგორიცაა ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“, - განაცხადა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შაბანა მაჰმუდმა, ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აცხადებს, რომ ის იმუშავებს მარეგულირებლებთან და ადგილობრივ მთავრობებთან, რათა ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეგულაციები დაინერგოს.
კონვენცია ყურადღებას ძირითადად ადამიანის უფლებათა დაცვაზე ამახვილებს, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვა ეხება. ის რამდენადმე განსხვავდება ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტისგან, რომელიც გასულ თვეში ამოქმედდა. ევროკავშირის აქტი ევროპის კავშირის სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, დანერგვას და მისი სისტემების გამოყენებას არეგულირებს.
ევროპის საბჭო 1949 წელს დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც ევროკავშირმა ადამიანის უფლებათა დაცვის მოვალეობა დააკისრა. მასში 47 სახელმწიფო შედის, რომელთა შორისაა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა.
Facebook Forum