ისტორიაში პირველად, დღეს საპრეზიდენტო დებატებზე ერთმანეთს ამერიკის ორი ყველაზე მხცოვანი კანდიდატი დაუპირისპირდება: 81 წლის დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და 78 წლის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი.
ეს ამერიკელებისთვის იშვიათი შესაძლებლობა იქნება, 4 წლის წინ გამართული არჩევნების შემდეგ, ორი წამყვანი კანდიდატი ერთმანეთის გვერდით იხილოს. დებატები კიდევ ერთი ნიშნითაა ისტორიული: ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები დაუპირისპირდებიან.
90-წუთიანი ტელედებატები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. წელს პირველი საპრეზიდენტო დებატების ადგილად ჯორჯიის შტატის ქალაქი ატლანტა შეირჩა. დებატებს ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" (CNN) მასპინძლობს და ეკრანებთან დიდი აუდიტორიის შემოკრებას მოელის.
ამერიკა ახალ, რიგით 47-ე პრეზიდენტს 5 ნოემბერს აირჩევს. მანამდე კი კიდევ ერთი დებატები იგეგმება, რომელიც სექტემბერში გაიმართება.
წარსულში, მაყურებელთა შორის ყველაზე დიდი რეკორდი დონალდ ტრამპს და მის დემოკრატ ოპონენტს, ჰილარი კლინტონს შორის გამართულმა დებატებმა მოხსნა. მაშინ ოპონენტებს შორის გამართულ პაექრობას თვალს 84 მილიონი ადამიანი ადევნებდა.
არც ბაიდენი და არც ტრამპი მაღალი რეიტინგებით არ გამოირჩევა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, გამოკვეთილი ლიდერი ამომრჩევლებს შორის არ იკვეთება და ორივეს რეიტინგი ერთმანეთთან ძალზე ახლოსაა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებამდე კი დაახლოებით 4 თვე რჩება.
ამერიკელების ნაწილს არ მოსწონს ის, თუ რა არჩევანი დაუტოვა მათ წამყვანმა პოლიტიკურმა ძალებმა, რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა პარტიებმა. გამოკითხულ ამერიკელებს მათი ხანდაზმული ასაკი აშფოთებს. "როიტერის" და "იპსოსის" ბოლო ერთობლივი გამოკითხვის მიხედვით, დაახლოებით მეხუთედი ამბობს, რომ არჩევანი ტრამპს და ბაიდენს შორის ჯერ არ გაუკეთებია.
Facebook Forum