ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, 2 ოქტომბერს საქართველოში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა. აქვე ამერიკის ელჩმა აღნიშნა,რომ პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ პროცესის სამართლიანობა უნდა უზრუნველყოს.
კელი დეგნანი დადებითად აფასებს, იმასაც რომ მედიას სხდომის გაშუქების საშუალება ჰქონდა და საზოგადოებას შეეძლო სასამართლო სხდომაზე დაკვირვება.
„ვფიქრობ, ხორციელდება ძალისხმევა იმისთვის, რომ მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული იყოს. ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც მე მანამდეა ღვნიშნე, მისმა მხარდამჭერებმა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა მშვიდობიანად და წესრიგის დაცვით განახორციელონ. ასევე მნიშვნელოვანია, სამართლიანი სასამართლო პროცესისთვის, რომ ეს სასამართლო დარბაზშიც დაცული იყოს. ყველა ეს კომპონენტი განსაზღვრავს არის თუ არა სასამართლო პროცესი სამართლიანი. პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა განაგრძოს ამ მიმართულებით ძალისხმევის გამოჩენა,“- აცხადებს ამერიკის ელჩი.
დღესვე ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, 5 პროცენტიანი ბარიერის დატოვება არ არის გზა მრავალფეროვანი პარლამენტისკენ.
"ზოგიერთს, ალბათ, არ ესმის, რომ დემოკრატია მოსაზრებათა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს. ჩვენ მიგვაჩნია,რომ ბარიერის დაწევა იყო პოზიტიური რამ და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა ამაზე მოლაპარაკებების დროს, 19 აპრილის შეთანხმებაში. ეს იყო ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი 2020 წლის არჩევნებზე, რამაც მოიტანა ის, რომ 9 პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში. 5%-იანი ბარიერის დატოვება ნამდვილად არ არის გზა უფრო მეტი ინკლუზიისკენ და მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში."
19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის დიპლომატების შუამავლობით შედგა, განსაზღვრულია, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში სრული პროპორციული სისტემით უნდა გაიმართოს, ხოლო არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერი ან მაქსიმუმ 2 პროცენტიანი ბარიერი უნდა დაწესდეს.
Facebook Forum