ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს წევრის, ოპოზიციონერი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ნაბიჯი დაგვიანებით, მას შემდეგ გადადგა, რაც ბათუმსა და თბილისში, საქმის აღძვრის მოთხოვნით საპროტესტო მიტინგები გაიმართა.
მანამდე გამოქვეყნდა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც დეპუტატ ფუტკარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების სანაცვლოდ - სავარაუდოდ, 100 000 აშშ დოლარს სთავაზობენ. ოპოზიციონერი დეპუტატი 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ დეპუტატ ფუტკარაძის გადაბირებით, „ქართული ოცნება“ იყო დაინტერესებული, რომელმაც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. ამ „ოპერაციას“ კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მამამისი, შსს-ს მაღალჩინოსანი დავით რიჟვაძე ხელმძღვანელობდნენ.
დანამდვილებით ვიცით, რომ ამ მოსყიდვას დათო რიჟვაძე ხელმძღვანელობდა, შსს-ს მაღალჩინოსანი და თორნიკე რიჟვაძის მამა, რომლის გარეშეც რეგიონში არაფერი ხდება, ეს ფუტკარაძისგან ვიცი და ჩანაწერებიც გარდაცვალებამდე ნუგზარმა გადმომცაგიორგი კირთაძე, ბათუმის ახალი საკრებულოს დეპუტატი, ოპოზიცია
“ჩანაწერში, რომელიც გარდაცვალებამდე თავად ნუგზარ ფუტკარაძემ გააკეთა, ნათლად ჩანს, მისი მოსყიდვის მცდელობა“ - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი გიორგი კირთაძე.
მისივე თქმით, „ფუტკარაძეს ესაუბრებიან ასლან აბაშიძის დროინდელი, შსს-ს და უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნები ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ჩანაწერში ისმის მათი სახელებიც.
ასლანის გაქცევის შემდეგ, საქართველო მათაც დატოვეს, მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დაბრუნდნენ და ახლა მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან. თაბაგიძე ხელვაჩაურის მერის ზაზა დიასამიძის ბიძაა. ისინი მხოლოდ შემსრულებელები არიან და კარგად ისმის ისიც, რომ ცხონებულ ნუგზარს სხვის ფულს სთავაზობენ და აქედან წილსაც ელოდებიან, რამდენჯერმე შეხვდნენ ნუგზარს."
"ჩანაწერში ისმის, რომ ვიღაცას უნდა ნუგზართან შეხვედრა და სწორედ მისგან არის ეს შეთავაზება. დანამდვილებით ვიცით, რომ ამ მოსყიდვას დათო რიჟვაძე ხელმძღვანელობდა, შსს-ს მაღალჩინოსანი და თორნიკე რიჟვაძის მამა, რომლის გარეშეც რეგიონში არაფერი ხდება, ეს ფუტკარაძისგან ვიცი და ჩანაწერებიც გარდაცვალებამდე ნუგზარმა გადმომცა“ - ამტკიცებს გიორგი კირთაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე დაკითხეს. კირთაძის თქმით, ამ ჩანაწერის ნაგრძლივობა 45 წუთია და სხვა აუდიო ჩანაწერებიც არსებობს.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, ბათუმის ახალ საკრებულოში ოპოზიციამ 19 დეპუტატი გაიყვანა (ნაცები - 15, გახარია - 3, ლელო - 1), ოცნებამ - 16, რაც იმას ნიშნავდა, რომ მმართველი პარტია სტრატეგიულად მნიშვნელოვან თვითმმართველ ქალაქში დამარცხდა.
ამის მიუხედავად, 19 ოქტომბერს, ბათუმში ვიზიტის დროს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოულოდნელად თქვა: „ბათუმში ოცნებას ექნება სტაბილური უმრავლესობა, ამას გპირდებით მე!“.
კობახიძის ამ დაპირებიდან 10 დღის თავზე, გახარიას პარტია ხმაურიანი ფეისბუქ პოსტით, „ნაცები ვერ დაბრუნდებიან“ - დატოვა ბათუმის საკრებულოს ახალმა წევრმა ირაკლი თავდგირიძემ. საპასუხოდ, გახარიას პარტიაში განაცხადეს, რომ თავდგირიძე „ოცნებამ“ მოისყიდა და გასაყიდი უნდა გაიყიდოს“. ძალთა ბალანსი საკრებულოში 18:17-ზე შეიცვალა (თავდგირიძე ფორმალურად „დამოუკიდებელ-ნეიტრალური“ დეპუტატი გახდა).
5 ნოემბერს, ბათუმში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საკრებულოს ახლად არჩეულ წევრებზე არნახული ზეწოლა მიმდინარეობს, მათი დაშინების და გადაბირების მიზნით.“
„მინდა გავაფრთხილო თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა დათო რიჟვაძე, შეეშვას ამ ყველაფერს. აუცილებლად მოუწევს სამართლებრივი პასუხისგება და ეს დრო არ არის შორს. უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან“ - ხაზი გაუსვა მაშინ გიორგი კირთაძემ. ამ პრესკოფერენციას ნუგზარ ფუტკარაძეც ესწრებოდა.
გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, ისმის, რომ ფუტკარაძეს სთავაზობენ დიდ ფულს იმის სანაცვლოდ, რომ „ნეიტრალი“ იყოს, ანუ ოპოზიცია დატოვოს და "დამოუკიდებელ" დეპუტატად დარჩეს, როგორც ეს მანამდე, დეპუტატმა თავდგირიძემ გააკეთა. ნუგზარ ფუტკარაძე ამბობს, რომ ამას არ გააკეთებს.
მაგას არ ვიტყვი. მაი პროჭი ხარ მაშინ. არა, მაგას არა…ვერ ავდგები და დავუშვათ და ვერ გავაკეთებ განცხადებას, რომ დავტოვე ნაციონალური მოძრაობა და გადავედი სხვა, ოპოზიციაში და ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი? ამას მე არასდროს არ ვიტყვი, გამიგე?ნუგზარ ფუტკარაძე, ბათუმის ახალი საკრებულოს დეპუტატი
„მაგას არ ვიტყვი. მაი პროჭი ხარ მაშინ. არა, მაგას არა… ვერ ავდგები და დავუშვათ და ვერ გავაკეთებ განცხადებას, რომ დავტოვე ნაციონალური მოძრაობა და გადავედი სხვა, ოპოზიციაში და ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი? ამას მე არასდროს არ ვიტყვი, გამიგე? - ამბობს აუდიოჩანაწერში ნუგზარ ფუტკარაძე, რომელმაც 2 ოქტომბერს, აღმაშენებლის, კახაბრის, გონიო-კვარიათის, ადლიის, ახალსოფლის და აეროპორტის მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა.
63 წლის დეპუტატი 18 ნოემბერს საკუთარ სახლში მკვდარი იპოვნოს, სიკვდილის ოფიციალური მიზეზი „სისხლში შაქრის დონის მატებაა“. ფუტკარაძე აუდიოჩანაწერშიც ამბობს, რომ ჯანმრთელობა შერყეული აქვს („წინა დღეს კინაღამ მოვკვდი“), ამის მიუხედავად, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დეპუტატის გარდაცვალება დაშინებისა და არნახული ზეწოლის პირდაპირი შედეგია.
ასე ფიქრობს გარდაცვლილის და ნაზი ფუტკარაძეც, რომელმაც ასევე გაიმარჯვა 2 ოქტომბრის, თვითმმართველობის არჩევნებში, ოპოზიციის მაჟორიტარად - ჩაქვის, მახინჯაურის, მწვანე კონცხის, თამარისა და გოროდოკის ოლქში.
„რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა იმსხვერპლოს ამ ბოროტებამ, ზეწოლამ, შანტაჟმა, ქვეყანაში არსებულმა უსამართლობამ?ნაზი ფუტკარაძე, გარდაცვლილის და, ბათუმის ახალი საკრებულოს დეპუტატი
„რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა იმსხვერპლოს ამ ბოროტებამ, ზეწოლამ, შანტაჟმა, ქვეყანაში არსებულმა უსამართლობამ? ყველა ჩვენთაგანის ოჯახებში შემოაღწევს უკვე თუ გავჩერდებით!“ - ამბობს დეპუტატი ნაზი ფუტკარაძე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და „ქართული ოცნება“ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. რიჟვაძემ განაცხადა, რომ „ყველას მოსთხოვს ბოდიშის მოხდას“. ცნობილი გახდა, რომ რიჟვაძეს, დღეს ჰქონდა მცდელობა გარდაცვლილის დას ნაზი ფუტკარაძეს ერთ-ერთზე შეხვედროდა, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ამ შეხვედრაზე უარი თქვა.
დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ, ბათუმის საკრებულოში ძალთა ბალანსი უკვე 17:17-ზე გახდა, იმ მაჟორიტარულ ოლქში კი, რომელსაც გარდაცვლილი წარმოადგენდა, შუალედური არჩევნები, 6 თვის შემდეგ, 2022 წლის მაისში გაიმართება.
„ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას“თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური
დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ ბათუმის საკრებულოს მსგავსი კატასტროფული პროცესი, რომელიც თვითმმართველობის არსს მთლიანად ანგრევს და ამომრჩევლის გამოხატულ ნებას ცვლის, ზუგდიდის, რუსთავის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის და სენაკის საკრებულოებშიც შეიძლება განვითარდეს, სადაც „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით უმცირესობაშია.
ქვეყნის მასშტაბით, შვიდი ოპოზიციური საკრებულოს არჩევის გამო, მმართველი პარტია კიდევ ერთ, მასშტაბურ გამწვავებაზე მიდის. „ოცნება“ ოპოზიციურ ქალაქებში, 2022 წლის ბიუჯეტების დამტკიცებას, ძველი მოწვევის საკრებულოებით გეგმავს, სადაც უმრავლესობა თავად აქვს.
ზუგდიდსა და ბათუმში ასეთ ნაბიჯს ძველი და ახალი საკრებულოს დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ორივე შემთხვევაში, მმართველი პარტიის პოზიციები პოლიციამ დაიცვა.
გაერთიანებული ოპოზიციის აზრით, ამით, მმართველი ძალა, ერთის მხრივ, ცდილობს, თავიდან აიცილოს ოპოზიციურ საკრებულოებთან თანამშრომლობა ან „ჭიდაობა“ და მეორეს მხრივ, ამ შვიდ მუნიციპალიტეტში, მერის და საკრებულოს ვადამდელი არჩევნები, რაც ბიუჯეტის ორგზის ჩაგდებას ავტომატურად მოჰყვება.
Facebook Forum