შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანის ხვდება. ავღანეთის ლიდერს თან ახლავს ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი სამშვიდობო საკითხებში აბდულა აბდულა.
შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება. ორი პრეზიდენტის პირისპირ პირველი შეხვედრის პარალელურად, დაწყებულია ავღანეთიდან ამერიკის და ნატოს ძალების გამოყვანა, რომელიც ბაიდენის ინიციატივით, 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. ამერიკის პრეზიდენტი ავღანეთს ფართო დიპლომატიურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას პირდება.
ღანი და აბდულა ვაშინგტონში ხუთშაბათს ჩამოვიდნენ. ისინი კონგრესში უკვე შეხვდნენ სენატის ლიდერებს ჩაკ შუმერს და მიტჩ მაკკონელს, ასევე სენატორებს ჯიმ რიშს და ბობ მენენდესს - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს.
ავღანეთიდან ამერიკის და ნატოს ძალების გამოყვანას, რაც ფორმალურად 1 მაისს დაიწყო, თან ახლდა თალიბთა თავდასხმები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან უპრეცედენტო დაპირისპირება. თავდამსხმელებმა ათეულობით ახალი ტერიტორია დაიპყრეს. მსხვერპლი ორივე მხარეს ფიქსირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქაბულში ჯერჯერობით ასობით ამერიკელი ჯარისკაცი რჩება, რომლებიც სექტემბრამდე დიპლომატების და აეროპორტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
Facebook Forum