დღეს მეორე შემთხვევაა უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში, როდესაც საქართველოს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები განცხადებებს აკეთებენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო მოპოვებისა და გასაღების თაობაზე.
დღევანდელი შემთხვევის გამო საქართველოს 5 მოქალაქეა დაკავებული. გასული კვირის ფაქტზე კი საქართველოს სამ მოქალაქესთან ერთად, სომხეთის 3 მოქალაქეც აღმოჩნდა. ამოღებული რადიაქტიური ნივთიერებებიც იდენტური შემცველობის გახლავთ, მხოლოდ რაოდენობის თვალსაზრისითაა მათი მოცულობები განსხვავებული. ამის თქმის საფუძველს უსაფრთხოების სამსახურის მიერ დასახელებული თანხები გვაძლევს. დღეს ამოღებული ნივთიერების სავარაუდო გასაყიდ ფასად 3 მილიონი აშშ დოლარი დასახელდა. გასულ კვირას გამოვლენილი ურან 238–ის ღირებულებად კი 200 მილიონი აშშ დოლარი დასახელდა.
ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები ქობულეთში ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ მოპოვებული ურანის გასასაღებლად მივიდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა განაცხადა:
„ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერება ურანი, საერთო წონით 1,665 გრ, შეიცავს 2 რადიოაქტიურ იზოტოპს: ურან 238-სა და მცირე ოდენობით 0, 23 პროცენტ ურან 235-ს, რომლებიც მიეკუთვნებიან ბირთვულ მასალათა კატეგორიას. რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, აღნიშნულ საგნებთან ხანგრძლივი უშუალო კონტაქტი საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის."
გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.
დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ .
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში სპეციალური განყოფილება არსებობს, რომელიც ბირთვული ნარჩენების გაუვნებელყოფისა და მართვის ოფიციალური მარეგულირებელი ორგანოა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიაქტიული ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ნაბახტიანი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ამბობს:
„საქართველოს საზღვრები საუკეთესოდაა დაცული. ბევრი ქვეყნისთვის ეს სამაგალითოა. კონტროლი შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან. ესაა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული მოთხოვნები და ტექნიკური აღჭურვა. თქვენ ვერ შემოიტანთ და ვერ გაიტანთ ნებისმიერი სახის რადიოაქტიურ წყაროს საქართველოს საზღვრებზე, თუ არ მიიღეთ სპეციალური ნებართვა. ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებობს სპეციალური პორტატული მონიტორები. კონტროლდება ასევე მწვანე საზღვარიც. ხოლო ინციდენტის შემთხვევაში, არსებობს შესაბამისი რეაგირების სქემა და მექანიზმი, რომელიც გამართულად მუშაობს. დაცვის 100 პროცენტიან გარანტიას ვერავინ ვერსად ვერ უზრუნველყოფს, ასეთი რამ არ არსებობს მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს საზღვრები უმაღლეს დონეზეა დაცული."
მისივე თქმით საზღვრებზე დეტექტირების მეთოდები თავის დროზე გაკეთდა ევროკავშირთან, ამერიკელებთან და ნატოსთან თანამშრომლობით:
"ვაკონტროლებთ ხუთივე კატეგორიის რადიაქტიური წყაროების გატანას მაშინ, როცა მსოფლიოში რეკომენდირებულია გაკონტროლდეს მხოლოდ პირველი ორი კატეგორიის წყაროები. მათი კლასიფიკაცია გამოსხივების სიმძლავრის მიხედვითაა შესაძლებელი. პირველ კატეგორიაში ყველაზე მძლავრი გამოსხივების მქონე ნივთიერებები შედის, მეორე კატეგორიაა შედარებით ნაკლები გამოსხივების და ასე შემდეგ. ჩვენ 5 კატეგორიის წყაროს აღმოჩენის ტექნიკური შესაძლებლობები გვაქვს საზვრებზე.
რაც შეეხება ბოლო დროინდელ მომატებულ შემთხვევებს: "ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ საფრთხის მატარებლები ვართ. გადახედეთ 90–იან წლებს, რამდენი რადიოაქტიური წყარო იყო მოპოვებული, გაუვნებელყოფილი და ასე შემდეგ. მას შემდგომ სიტუაცია მკვეთრად უკეთესობისკენ შეიცვალა.
აფხაზეთში სავარაუდოდ არსებულ რადიოაქტიურ წყაროებთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უკიდურესად მწირ ინფორმაციას ვფლობთ, ისიც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებულს. დეტალურად იქ რა ხდება, ჩვენ ამის თაობაზე, ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან საქართველოს კონტოლქვეშ არაა ის ტერიტორია და არ გვაქვს იქ მოქმედების საშუალება.“
რამდენად შეიძლება საქართველო იყოს განხილული, როგორც ბირთვული ნარჩენების უკანონო სატრანზიტო დერეფანი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც აქ კონფლიქტის ორი ზონაა, რომელთაგან ერთში, აფხაზეთში კანონიერ კონტროლს მიღმა აღმოჩნდა არსებული რადიოაქტიური ნივთიერებები. რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ ეტაპზე სპეციალური ლაბორატორია არ არსებობს, რომელშიც რადიოაქტიური ნივთიერთებების გამოკვლევა იქნება შესაძლებელი, საკმაოდ მძლავრი კორტოლის საშუალებებითაა აღჭურვილი საზღვრის დაცვისა და საბაჟო უწყებები.