მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში დღეს ორი ქვეყანა, სირია და მალია მოქცეული. გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის განცხადებით, ახალმა წელმა მილიონობით სირიელ ბავშვს მხოლოდ ტანჯვა და გაუთავებელი პრობლემები მოუტანა. ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ უამრავი ბავშვი უსახლკაროდ არის დარჩენილი და დევნილის სტატუსის მინიჭება მათთვის მინიმალური შეღავათია.
გაეროს ანგარიშით, სირიაში ორი წლის წინ დაწყებული სახალხო ამბოხის შედეგად დაახლოებით 60 ათასი ადამიანი დაიღუპა. იუნისეფის მონაცემებით, მიმდინარე ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული კრიზისის გამო 2.5 მილიონი ადამიანიდან, რომლებსაც გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ, ნახევარზე მეტი ბავშვია. მათ ისეთი ელემენტარული საარსებო საშუალებები აკლიათ, როგორიცაა წყალი, საჭმელი და სამედიცინო დახმარება, რომ აღარაფერი ვთქვათ განათლების მიღების, ან გაგრძელების აუცილებლობაზე.
მალის რაც შეეხება, იუნისეფის საგანგებო პროგრამების დირექტორი, ტედ ჩაიბენი ამბობს, რომ მათ განსაკუთრებულ შეშფოთებას ქვეყნის ჩრდილოეთით მიმდინარე შეტაკებები იწვევს, სადაც ხელისუფლება საერთაშორისო ძალების დახმარებით ისლამისტ ამბოხებულებთან ხელჩართულ ბრძოლებს აწარმოებს. იქაც დევნილთა შორის ბევრი ბავშვია. ამას გარდა, ბავშვების დიდ ნაწილს სწავლისთვის თავი დანებებული აქვს და იარაღით ხელში, შეიარაღებულ ძალებში ჩაწერილი უკვე რამდენიმე კვირაა ძალადობაში მონაწილეობს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მალის სამხრეთში ცხოვრობს.
“ახლა რაც ხდება, ისევ 2012 წლის საკვების კრიზისს, სურსათის ნაკლებობას ეხმაურება. გაერომ არაერთხელ წამოჭრა დედამიწაზე არასაკმარისი საზრდოს წარმოების პრობლემა. იუნისეფი პარტნიორებთან ერთად 2012 წელს 40 ათას ბავშვს დაეხმარა, რომელთაც სურსათის ნაკლებობის გამო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ. წელს ამ რაოდენობის გასამმაგებას, დაახლოებით 125 ათას ბავშვამდე მიყვანას ვგეგმავთ, რაც ჩვენი ანგარიშით, აუცილებელი შემთხვევების მხოლოდ 70 პროცენტს მოიცავს“ - აღნიშნავს იუნისეფის საგანგებო პროგრამების დირექტორი.
თუმცა, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ქვეყნების სიაში სირიელი და მალელი ბავშვები პირველები არ არიან. სააგენტოს რესურსების 85 პროცენტის ყველაზე ფართოდ მომხმარებლები ისეთი ქვეყნებია, როგორიცაა ჩადი, კოლუმბია, ეთიოპია, ფილიპინები, ან იემენი. ბატონი ჩაიბენის თქმით, იუნისეფი ყველაზე ინტენსიურ საგანგებო დახმარებას მსოფლიო მედიის მიერ უმეტესად მივიწყებულ ქვეყნებში ანაწილებს. ამ ქვეყნების დიდი უმრავლესობა აფრიკის კონტინენტზე, სუბ-საჰარის რეგიონში მდებარეობს.
გასულ წელს იუნისეფის მთავარი ოპერაციების ბაზები სომალიში იყო განლაგებული. 2012 წელს გვალვებით და კონფლიქტებით უზომოდ დაზარალებული ქვეყნის ტერიტორიებს ანალოგიური მასშტაბის დახმარება წელს აღარ ესაჭიროებათ. ამიტომ სუბსიდირება იქ 162 მილიონიდან 141-ზე ჩამოვიდა. თუმცა, სომალი დღესაც იუნისეფის პროგრამებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება. ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, იუნისეფი იქ სტაბილურობის განმტკიცების პროექტებზეც მუშაობს.
გაეროს ბავშვთა ფონდის საგანგებო პროგრამების დირექტორი ყურადღებას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზეც ამახვილებს, განსაკუთრებით კი ქვეყნის აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე.
„კონგოში ზოგადი სურათი ასეთია: დაახლოებით მილიონი ბავშვი სურსათის ნაკლებობის გამო დაავადმყოფებულია. ანალოგიური მდგომარეობაა საჰელში, თუმცა ამ რეგიონზე ნაკლებად საუბრობენ. წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობით. დიდი იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური პროცესები იქ ისე განვითარდება, რომ დევნილთა რაოდენობა კიდევ უფრო აღარ გაიზრდება. ასევე კრიტიკული სიტუაციაა სუდანში ლურჯი ნილოსის და სამხრეთ კურდუფანის ტერიტორიებზე“ - ამბობს ტედ ჩაიბენი.
იუნისეფი აღნიშნული პროგრამების განხორციელებისთვის აუცილებელ სუბსიდირებაზე საუბრობს, რაც 2013 წლისთვის დაახლოებით 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. გაეროს ბავშვთა ფონდისთვის უკვე დაწყებული პროგრამების უწყვეტობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იუნისეფის ხელმძღვანელების განცხადებით, 2012 წელს ორგანიზაციამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 38 მილიონზე მეტი ბავშვი აცრა; წყალი და წყლის სანიტარიზაციისთვის თუ ჰიგიენისთვის აუცილებელი მოწყობილობა 12 მილიონ ადამიანს მიაწოდა და 3 მილიონი ბავშვის განათლება უზრუნველყო.