ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში ლტოლვილთა რიცხვმა იმატა


გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, საბერძნეთში 160 000-მდე ლტოლვილი და მიგრანტია.

როგორც გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში აცხადებენ, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ლტოლვილების და მიგრანტების ნაკადმა საბერძნეთში მკვეთრად იმატა. მარტო გასულ თვეს, ქვეყანაში 50 000-მდე მიგრანტი შევიდა, რაც ორჯერ აღემატება მთელი გასული წლის მონაცემებს.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, ძირითადი ნაკადი შედგება არა ეკონომიკური მიგრანტების, არამედ სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან ჩასული ლტოლვილებისგან, რომელთაც საერთაშორისო კანონები იცავს და შესაბამისად, მათ თავშესაფარიც ეკუთვნით.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს პრესსპიკერმა უილიამ სპინდლერმა, ამერიკის ხმასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საბერძნეთის პატარა კუნძულებს არ აქვს ლტოლვილების მიღებისთვის საჭირო თავშესაფრები, რაც ჰუმანიტარული კრიზისის წინაპირობას ქმნის.

„სუსტი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ პოლიციამ უნდა მოახდინოს ყველას აღრიცხვა, თუმცა ნაკადის სიდიდის გამო ამის რესურსი არ არსებობს. პოლიცია დღეში 20 საათი მუშაობს შეუსვენებლად. პერსონალი უკვე გადაღლილია. ასევე დაიღალნენ ლტოლვილებიც, რომელთაც 10,12, ზოგჯერ 15 დღე უწევთ ლოდინი. პირობებიც ამ თავშესაფრებში გაუსაძლისია. ბევრ შემთხვევაში ისინი ელემენტარულ დახმარებასაც ვერ იღებენ, გათანგულები არიან სიცხისგან და ცუდი პირობებისგან, მათ რაც შეიძლება მალე სურთ ამ კუნძულების დატოვება."

სპინდლერის განცხადებით, იმის გამო, რომ პოლიციას და ლტოლვილებს შორის კომუნიკაცია სათანადო დონეზე ვერ ხერხდება, დაძაბულობა ყოველდღიურად იზრდება. პრობლემის გადასაჭრელად გაერომ ადგილზე არაბულის, სპარსულის და სხვა ენების რამდენიმე თარჯიმანი გააგზავნა. გაერომ საბერძნეთის მთავრობას ლტოლვილთა რეგისტრაციის სისტემის შექმნაში დახმარებაც შესთავაზა, რომლის ამუშავება კუნძულებიდან დიდ ქალაქებში მათ დროულ გადაყვანას შეუწყობს ხელს. თუმცა, ათენში მდგომარეობა დიდად არ განსხვავდება კუნძულებზე შექმნილი ვითარებისგან.

სპინდლერი თვლის, რომ საბერძნეთის მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს მიგრაციის საკითხთან მიმართებაში. თუმცა ლტოლვილთა დიდი ნაწილი საბერძნეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებში გადადის, რაც პრობლემას უფრო გლობალურს ხდის.

XS
SM
MD
LG