გაერო ემზადება შიდა საზედამხედველო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნისთვის, რომელსაც ორგანიზაციის შიგნით დარღვევების გამოძიება და კორუფციის აღმოფხვრა დაევალება. მიმდინარე თვის დასაწყისში ამ სამსახურის წინა ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. მან მკაცრად გააკრიტიკა გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა თითქოსდა საზედამხედველო ოფისის დამოუკიდებლობის შეზღუდვა სცადა.
ბატონი ბან კი მუნის წარმომადგენელმა არ დაადასტურა საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ გაეროს შიდა საზედამხედველო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შეიძლება მსოფლიო ბანკის ყოფილი გენერალური აუდიტორი დაინიშნოს. მაგრამ გაეროს წარმომადგენელმა მარტინ ნესირკიმ აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ხსენებულ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის ვინაობა გახდება ცნობილი. მისი თქმით, გაეროში ამ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი ერთსულოვანი მხარდაჭერით სარგებლობს. კანდიდატს პირადად დაასახელებს გაეროს გენერალური მდივანი და მისი დანიშვნა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს.
გაეროს შიდა საზედამხედველო სამსახურის ოფისის ხელმძღვანელის მოსალოდნელი ნომინაცია ბოლო ინციდენტს წარმოადგენს მოვლენათა სკანდალურ ჯაჭვში, რომელიც ხსენებული ოფისის წინა ხელმძღვანელის შვედი აუდიტორის ინგა-ბრიტ ალენიუსის წასვლას მოჰყვა თანამდებობიდან. აღსანიშნავია, რომ ალენიუსი გაეროს შიდა საზედამხედველო სამსახურს ხუთი წლის მანძილზე უძღვებოდა.
ალენიუსის გრძელ და კრიტიკულ მოხსენებაში, რომლის დეტალები პრესაში გამოქვეყნდა, ნახსენებია, რომ გაეროში არ არსებობს გამჭვირვალეობა და პასუხისმგებლობა. ალენიუსი გენერალურ მდივანს ადანაშაულებს შიდა საზედამხედველო სამსახურის ფუნქციების შეზღუდვაში.
გაეროს წარმომადგენელმა ნესირკიმ კრიტიკულად შეაფასა გაეროს ყოფილი აუდიტორის მოხსენება.
„როცა ჩატარებული საქმიანობის შემაჯამებელ მოხსენებაში რამდენიმე თემა განგებ არის დამახინჯებული და დაშვებულია სხვა შეცდომები, ამგვარი ბრალდებები მკვეთრ პასუხს მოითხოვს. ჩვენ ამ ბრალდებებს საკადრის პასუხს გავცემთ,“ აღნიშნა მან.
გაეროს ცნობით დაიწყო იმის გამოკვლევა თუ რამდენად ეფექტურია ორგანიზაციის შიგნით გამოძიებების ჩატარება. ბატონი ბან კი მუნის აპარატის ხელმძღვანელის ახლახან გავრცელებულ მემორანდუმში ნათქვამია, რომ გენერალური მდივნის საქმიანობა ძლიერი, მოქნილი და პასუხისმგებელი ორგანიზაციის შექმნისკენ არის მიმართული.