გაეროს უმაღლესმა სასამართლომ, სომხეთსა და აზერბაიჯანს დაავალა, იმუშაონ რასობრივი სიძულვილისა და დისკრიმინაციის აღკვეთაზე.
ამასთან, ჰააგის საერთაშორისო სასამართლო აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაიცვას სომეხი პატიმრები კონფლიქტისგან და შეწყვიტოს სომხური კულტურული მემკვიდრეობის შეურაცხყოფა.
საერთაშორისო სასამართლოში, რასობრივი დისკრიმინაციის კუთხით, გაეროს ხელშეკრულების სავარაუდო დარღვევის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების მიღებას ორივე, როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხური მხარე ითხოვდა.
საქმის მთავარი მოსამართლე, ჯოან დონოგიუ აცხადებს, რომ ორივე მხარემ „თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა სასამართლოში მიმდინარე დავა გააგრძელოს ან მისი გადაწყვეტა გაართულოს.“
„აზერბაიჯანი შეასრულებს სასამართლოს მიერ მითითებულ ზომებს, რასობრივი დისკრიმინაციის აღკვეთასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს არსებული ხელშეკრულებით ვალდებულებებს, რომლებსაც აზერბაიჯანი სერიოზულად იღებს და მზად არის დაიცვას ის“ - აცხადებს, „რადიო თავისუფლების“ ინგლისურენოვანი სამსახურისთვის მიწოდებულ განცხადებაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯერჯერობით უცნობია სომხური მხარის პოზიცია.
გასულ წელს, ორ ქვეყანას შორის, მთიან ყარაბაღში მიმდინარე ექვსკვირიან ომს 6 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ომი რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმების თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა ტერიტორიები, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში აკონტროლებდა.
Facebook Forum