ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა ანტისემიტიზმთან - გაერომ რეზოლუცია მიიღო


გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ისრაელის მიერ ინიცირებული რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ჰოლოკოსტის უარყოფის და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. რეზოლუცია მოუწოდებს გაეროს წევრ ყველა სახელმწიფოს და სოციალურ მედია პლატფორმებს აქტიური ზომები მიიღონ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამ დროისთვის 193 ქვეყანა შედის, რეზოლუციის მიღება კონსენსუსით მოხდა და ის კენჭისყრაზე არ გასულა. ისრაელის ნომერ პირველმა მტერმა ირანმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა და მას გაერიდა.

რეზოლუციას მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის ელჩთან ერთად გერმანიის ელჩმა გამოუცხადა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ჰოლოკოსტის შესახებ მოგონებები შორეულ წარსულში რჩება. ეს კი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი დანაშაული იყო,“- განაცხადა გაეროში ისრაელის ელჩმა. აღსანიშნავია, რომ ჰოლოკოსტის დროს 6 მილიონი ებრაელის მკვლელობა მოხდა.

გაეროში ისრაელის ელჩმა სოციალური მედიის კომპანიებს მოუწოდა გადადგან დროული ნაბიჯები ჰოლოკოსტის შესახებ მცდარი ინფორმაციების წინააღმდეგ და არ შეუწყონ ხელი ანტისემიტიზმს.

რეზოლუციის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე ასამბლეის პრეზიდენტი აბდულა შაჰისი ჰოლოკოსტის გადარჩენილთა ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე როგორც წარსულზე ასევე აწმყოს შესახებ იყო საუბარი. ხაზი გაესვა ანტისემიტურ მოძრაობებსა და დეზინფორმაციას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იზრდება და ღვივდება.

ედანი, რომელიც ჰოლოკოსტის გადარჩენილთა შთამომავალია, ამბობს, რომ რეზოლუცია 6 მილიონი ებრაელის ხსოვნას ატარებს. მისი თქმით ყველამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ არ მოხდეს ჰოლოკოსტის ფაქტების დამახინჯება ან ამ საკითხის უგულებელყოფა.

რეზოლუციის ინიცირება ისრაელთან ერთად გაეროში 114-მა ქვეყანამ მოახდინა. ისინი მოუწოდებენ გაეროს 193-ივე ქვეყანას შეიმუშაონ საგანმანათლებლო პროგრამები საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ახალ თაობას ჰოლოკოსტის შესახებ სწორ ინფორმაციას მიაწვდის. რეზოლუციის ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ეს მომავალში გენოციდის მოწყობის რისკს შეამცირებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG