ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მართლმადიდებელ და კათოლიკე უკრაინელთა განწყობები


უკრაინელი ამერიკელებისთვის სამშობლოში მიმდინარე კრიზისის გაღრმავება დიდი მარხვის დროს რწმენის ერთგვარი გამოცდა გახდა

უკრაინელი ამერიკელები სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს დიდი გულისყურით ადევნებენ თვალს. მორწმუნე უკრაინელთა უმეტესი ნაწილი ქრისტიანია. უმრავლესობა კათოლიკეა, ან მართლმადიდებელი. მამა რობერტ ჰიჩინსი უკვე რამდენიმე წელია ვაშინგტონში უკრაინული კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარია. მის სამრევლოში უკრაინაში მომხდარ ამბებს ძალიან განიცდიან. მამა რობერტის თქმით, უკრაინული წარმოშობის ამერიკელები ყირიმში შექმნილი ვითარებით იმდენად აღშფოთებული არიან, რომ ძალიან რთული ხდება მათთვის მიტევების შთაგონება. დიდი მარხვის პერიოდში კი ეს აუცილებელია:

„დიდი მარხვის განმავლობაში ჩვენ ერთგვარი გარდატეხის, გარდასახვის გზაზე ვდგავართ. ჩვენს ადამიანურ მხარეს სურს, რომ გვძულდეს ადამიანები. მაგრამ უნდა ავმაღლდეთ ამაზე. ამიტომ ბევრს ვლოცულობთ. თუმცა, ამის მიღწევა მაინც ძალიან რთულია“ - ამბობს მამა რობერტი.

ამგვარი რამ დღეს ბევრ ეკლესიაში ხდება, სადაც ძირითადად უკრაინელი, ან რუსი ქრისტიანები დადიან. უკრაინელი ქრისტიანები, კათოლიკეები იქნებიან ისინი, თუ მართლმადიდებლები, შეერთებულ შტატებში უმეტესად პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოვიდნენ. ომის დღეები მათ ჯერ კიდევ ცხადად ახსოვთ. რუსეთთან დაპირისპირებამ კი მოგონებები კვლავ გააცოცხლა და მათი ტკივილი ისევ განაახლა.

„ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის და უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ, მათ იმედი ჰქონდათ, რომ იქ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდოდა“ - ამბობს მამა რობერტი. „ადამიანური რეაქციაა: ისინი რუსეთს და რუს ხალხს ადანაშაულებენ. მე კი ჩემს მრევლს ვეუბნები, რომ დამნაშავე ხალხი კი არა, მათი მთავრობაა“.

უკრაინის მოქალაეთა უმრავლესობა თავს ძალზე რელიგიურად არ თვლის (იხ.http://razumkov.org.ua/ukr/poll.php?poll_id=300). მაგრამ მათ შორის, ვინც რელიგიურია, დიდი უმრავლესობა, თითქმის 90 პროცენტი თავს ქრისტიანად მიიჩნევს. ქვეყანაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში, მართლმადიდებლობა დომინირებს. შედარებით დასავლეთით კი კათოლიკე უმცირესობის ეკლესიებია. თუმცა, ამ ეკლესიების მართვის მხრივ, ყველაფერი არც ისე მარტივად გამოიყურება. არსებობს ავტონომიური მმართველობის მქონე მართლმადიდებელი ეკლესიები. ერთი ნაწილი სახელმწიფოს ემორჩილება. მართლმადიდებელი ეკლესიების მეორე ნაწილს კი ფუნქციონირება უკრაინის გარეთ, სხვა სახელმწიფოებშიც შეუძლია.

უკრაინის მართლმადიდებლობა ძირითადად სამი მიმართულებისაა: ერთი განშტოება მთავარ სასულიერო ლიდერად მოსკოვის პატრიარქს, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მიიჩნევს. მეორე ნაწილი თავს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებს და კიევის პატრიარქს ემორჩილება. და მესამეს კი სრული ავტოკეფალია და ავტონომია აქვს. ამ ეკლესიებში ზოგი ცნობს ერთმანეთს, როგორც საერთო მართლმადიდებლური ოჯახის წევრს, ზოგი - არა.

კათოლიკურ ეკლესიაში გაცილებით მეტი ერთიანობაა. თითქმის ყველა თავს უკრაინული კათოლიკური ეკლესიის წევრად თვლის და ამავდროულად, აღმოსავლურ, ბიზანტიურ ცენტრსაც ცნობს, ანუ - უმაღლეს ავტორიტეტად რომის პაპს აღიარებს.

საინტერესო ის არის, რომ დროთა განმავლობაში უკრაინული კათოლიკური ეკლესიის და უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციები ერთმანეთს ისე დაემსგავსა, რომ მათი გარჩევა საკმაოდ რთული ხდება. უკრაინის შემთხვევაში, განსხვავებას არა იმდენად ქრისტიანული სწავლება და ტრადიციები იძლევა, არამედ ის, თუ გეოგრაფიულად სად მდებარეობს ძალაუფლების მთავარი ცენტრი: მოსკოვში, კიევში, თუ რომში.

როცა საქმე კონფლიქტთან გვაქვს, „მართლმადიდებლურ ქრისტიანობას ძალადობასთან ძალიან საინტერესო და კომპლექსური მიდგომა აქვს“ - ამბობს მარიან სიმიონი, მართლმადიდებლობის თეოლოგი და ბოსტონის თეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. მას არ აქვს განცალკევებულად ომის თეორია. „ვინაიდან ის უმთავრესად სახელმწიფო დაქვემდებარებაშია, ამიტომ არასოდეს უწევს გადაწყვეტილებების მიღება ქვეყანაში შეჭრის შესახებ. შესაბამისად, მართლმადიდებლობის ომის თეოლოგია უფრო პაციფისტურია“ - აღნიშნავს ის.

მარიან სიმიონის შესწავლის საგანი მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია და მისი ძალდობასთან დამოკიდებულებაა. მისი თქმით, მართალია ძალადობას რელიგიურ სწავლებაში თეოლოგიური საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ პრაქტიკაში სხვადასხვა ერები სხვადასხვაგვარად იქცევიან და ზოგჯერ ამას სარწმუნოების უცნაურ და საშიშ ინტერპრეტაციებთან მივყავართ.

„მართლმადიდებლურ სწავლებაში, ძირითადად სლავურ ტრადიციაში, ჩვენ გვაქვს ძალიან უცნაური მსახურება, რაც იარაღის კურთხევაში გამოიხატება. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს იარაღი „ქრისტესმიერ სიმართლეს დაიცავს“ - ამბობს თეოლოგიის პროფესორი. მისი თქმით, ეს ტრადიცია ძირითადად გაუქმებულია, თუმცა, ომის შემთხვევაში ძალიან სწრაფად ამოქმედდება ხოლმე და საბოლოო ჯამში, ამგვარი რამ დიდ მართლმადიდებლურ ოჯახში კონფლიქტს იწვევს.

მარიან სიმიონს მაგალითად რუსეთ-საქართველოს ომი მოჰყავს და ამბობს, რომ თავიდან, ამ ორი ქვეყნის კათალიკოს-პატრიარქები კონფლიქტის შემსუბუქებას ცდილობდნენ. მაგრამ, კრიზისის გამწვავებასთან, დამძიმებასთან და სისხლისღვრის დაწყებასთან ერთად, ორივე მართლმადიდებელი ქვეყნის სულიერმა წინამძღოლმა უკან დაიხია და თავ-თავისი ქვეყნის სასარგებლო და მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება დაიწყო.

მიტროპოლიტმა ანტონმა 67 წლის წინ კარიერა პენსილვანიის შტატში ჟურნალისტიკით დაიწყო. შემდეგ მან ეკლესიის გზა აირჩია და დღეს შეერთებულ შტატებში იერარქიის უმაღლეს საფეხურს იკავებს. ის ამერიკაში უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარია. მიტროპოლიტი ანტონიც საბჭოთა წლებს იგონებს და იმ სიხარულს, როცა საბჭოთა კავშირის დაშლას და უკრაინის დამოუკიდებლობას მოესწრო. თუმცა, დანანებით ამბობს, რომ მისი მშობლიური ქვეყანა კვლავ განსაცდელში აღმოჩნდა.

„მსოფლიო შეცდა და ირწმუნა, რომ დიდი დათვი მოიშინაურა. სოჭის ოლიმპიადისთვის მზადება სრული სვლით მიმდინარეობდა, როცა ყველაფერი ისევ უკუღმა დატრიალდა“, თქვა მიტროპოლიტმა და მძიმედ ამოიოხრა. „ასპარეზობის დასრულებისთანავე (დათვმა) ბრჭყალები და კლანჭები გამოაჩინა და ისეთი სიყოყოჩით დაბრუნდა, როგორიც დიდი ხნის მანძილზე არ გვინახავს. უზარმაზარი იმედგაცრუება მაქვს“ - დასძინა მიტროპოლიტმა.

ამ იმედგაცრუების ამოკითხვა თითქმის მთელ უკრაინულ მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამწყსოში შეიძლება, ადამიანებში, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, რომ კრიზისი მშვიდობიანად დარეგულირდეს, მაგრამ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია მათში განუზომელ სიბრაზეს იწვევს.

და ვიდრე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიები რუსეთის ხელისუფლების ქმედებას გმობენ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, პატრიარქი კირილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ყირიმში რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის მოქმედებას ამართლებს. თუმცა, ის ასევე პასუხობს უკრაინის პატრიარქის მიმართვას და პირდება მას, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სისხლისღვრა არ მოხდეს.

მარიან სიმიონის თქმით, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება კრიზისის მიმართ და რუსეთის ხელისუფლების ქმედების მხარდაჭერა გასაკვირი არავისთვის ყოფილა. „ეკლესია დამჯერი უნდა იყოს. ის სახელმწიფოს მორჩილების გამოცდას აბარებს. ნაციონალიზმის ზრდასთან ერთად, ადგილობრივი ეკლესიების და სახელმწიფოს სამხედრო წამოწყებების შერწყმის ტენდენცია იკვეთება“ - ამბობს ის.

„ამერიკის ხმა“ შეეცადა რამდენიმე რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას დაკავშირებოდა, მათ შორის ისეთებს, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. თუმცა - უშედეგოდ. ყველა ერთხმად ამბობს უარს კომენტარზე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

მიტროპოლიტ ანტონის თქმით, ის თავის სამწყსოსთან ერთად მშვიდობისთვის ლოცვას გააგრძელებს. მაგრამ პარალელურად, უკრაინაში დარჩენილი მეგობრების და ნათესავებისთვის დახმარების ორგანიზებას შეეცდება. „პოლიტიკის გამო ჩვენ ორ ერს შორის ურთიერთობა დროდადრო რთულდებოდა. მთელი უკრაინის ისტორიის უმეტეს ნაწილში ერთი კატასტროფა მეორეს მოსდევდა“ - ამბობს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი ამერიკაში.

მზარდი დაძაბულობის და შეშფოთების ფონზე ვაშინგტონელი უკრაინელები აღდგომისთვის ემზადებიან. „მშვიდობისთვის ერთად ვლოცულობთ და იმისთვის, რომ ყველა ხალხს ჰქონდეს საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება, ყოველგვარი გარეშე ზეგავლენის გარეშე“ - ამბობს მამა რობერტი.
XS
SM
MD
LG