ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

25 მაისი - ყველაზე მნიშვნელოვანი დღე დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში


თუ აღმოსავლეთ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშალა, უკრაინის კრიზისი უფრო მეტად გამძაფრდება

ოთხშაბათს 9 პრორუსი სეპარატისტი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დონეცკის საარჩევნო კომისიის ოფისში შეიჭრა და მასზე კონტროლი გამოაცხადა.უკრაინის სამხედრო ბაზის ტერიტორიის გარდა, პრორუსს სეპარატისებს საშუალება აქვთ დონეცკის პროვინციაში თითქმის ყველა შენობა გააკონტროლონ.

აღსანიშნავია, რომ დონეცკის პოლიცია მეამბოხეების ქმედებებს არ ეწინააღმდეგება და ბევრი მათგანი სეპარატისტებს უჭერს მხარს. თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვინც კიევის გადაწყვეტილებას ელის, ჩაებას თუ არა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებთან ომში. ამ ფონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანთა მოთმინება თანდათანობით იწურება.

ლუგანსკის სეპარატისტთა ლიდერი ვალერი ბოლოტოვი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის მოსახელობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურს. კიევის მთავრობამ და დასავლეთის ქვეყნებმა დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები გააკრიტიკეს. სეპარატისტთა ლიდერები კი აცხადებენ, რომ ყველა ღონეს იხმარენ იმისთვის, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშალოს.

აღსანიშნავია, რომ კიევისთვის 25 მაისის არჩევნები პირველია ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის შემდეგ და შანსს იძლევა, რომ უკრაინა დაშლას გადაურჩეს.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ უკრაინაში დროებითი მთავრობა ძალზე არაპოპულარულია. აღმოსავლეთ უკრაინაში ჩატარებული ერთერთი გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტების უმეტესობას უკრაინის დროებითი მთავრობა არალეგიტიმურად მიაჩნია. ანალოგიური განწყობა ჰქონდათ დონეცკის საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრილ პრორუს მეამბოხეებსაც, რომელთა განცხადებით 25 მაისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები არაკანონიერია.

სერჰი ტარუტა რეგიონალური გუბერნატორია. იგი აცხადებს, რომ კიევს ოთხნახევარი მილიონი ადამიანით დასახლებულ რეგიონზე კონტროლი ჯერჯერობით არ დაუკარგავს. ტარუტას თქმით, დონეცკის რეგიონში ინსტიტუტები, ოფისები და ქარხნები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ და ხელისუფლების ცენტრალიზება სეპარატისტების გავლენას შეასუსტებს.

უკრაინის მთავრობას სჯერა, რომ 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, თუმცა ერთადერთი გამონაკლისი შესაძლოა ქალაქი სლავიანსკი გახდეს. სლავიანსკი დონეცკიდან ასობით კილომეტრითაა დაშორებული და მას სეპარატისტები სრულად აკონტროლებენ. ამიტომ მოსახლეობა გეგმავს არჩევნებში ხმის მისაცემად მეზობელ ქალაქ კრამატორსკში ჩავიდეს.

ოთხშაბათს პრორუსმა სეპარატისტებმა სლავიანსკის ადგილობრივი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაიტაცეს. ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე ოფიციალური პირია საარჩევნო კომისიიდან, რომელიც მეამბოხეებმა ხელში ჩაიგდეს.

უკრაინის არჩევნების უსაფრთხოება საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირის წინ უცხოელმა მრჩეველებმა უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით განგაში ატეხეს, უკრაინის მთავრობა 25 მაისისთვის პრობლემებს არ ელის და არც საარჩევნო უბნების უსაფრთხოების გეგმა აქვს შემუშავებული.

მიუხედავად იმისა, უცხოელი მრჩეველები ანონიმურობას ინარჩუნებენ და მედიასთან საუბარი აკრძალული აქვთ, ისინი აღშფოთებას ვერ მალავენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო ბიულეტენების ადგილსამყოფელიც სრულიად დაუცველ მდგომარეობაშია.

უკანასკნელი გამოკითხვებით, 25 მაისს უკრაინის გამოკითხული მოსახლეობის 85 პროცენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად მივა. უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ ეს არჩევნები დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. მაგრამ თუ აღმოსავლეთ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშალა, უკრაინის კრიზისი უფრო მეტად გამძაფრდება.
XS
SM
MD
LG