ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის მთავრობამ მორიგი დარტყმა განიცადა


უკრანიელი ჯარისკაცები ქალაქ კრამატორსკთან
უკრანიელი ჯარისკაცები ქალაქ კრამატორსკთან
უკრაინის ქალაქ სლავიანსკში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ექვსი ჯავშანმანქანის კოლონა მოწინააღმდეგეებმა ჩაიგდეს ხელში. სლავიანსკში განვითარებული მოვლენები უკრაინის მთავრობის მიმართ უკმაყოფილებას ზრდის იმის გამო, რომ მან აღმოსავლეთ უკრაინაში წესრიგის აღდგენა ამ დრომდე ვერ მოახერხა.

უკრაინის ოფიციალური პირები უარყოფენ ცნობებს იმის თაობაზე, რომ ჯავშანმანქანებში მყოფი ჯარისკაცები მოწინააღმდეგის მხარეს საკუთარი ნებით მას შემდეგ გადავიდნენ, რაც სეპარატისტებმა მათ სურსათი შესთავაზეს. პრო-რუსული ძალები ასევე აცხადებენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცების შემართება ძალიან დაბალი იყო იმის გამო, რომ მათ საკვების მხოლოდ რამდენიმე დღის მარაგი ჰქონდათ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირები აცხადებენ, რომ კოლონა რუსეთის აგენტებმა ჩაიგდეს ხელში. კიევის ინფორმაციით, ასობით რუსი ჯარისკაცია გადასული უკრაინაში, რომლებიც სეპარატისტებს ინსტრუქტაჟს უტარებენ საბრძოლო ტაქტიკის დასახვეწად. მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს.

უკრაინის ახალი მთავრობა ცდილობს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური რუსები დაარწმუნოს იმაში, რომ მათი უფლებები დაცული იქნება და ამისთვის მათ რეფორმების პაკეტს და ავტონომიის უფრო მაღალ ხარისხს სთავაზობს.

ისინი ასევე სიფრთხილეს იჩენენ პრო-რუსული ძალების მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ათ ქალაქში სამთავრობო შენობების აღებაზე რეაგირების გაკეთებისას.

უკრაინის მთავრობა შიშობს, რომ კიევის მხრიდან მკაცრი რეაგირება კრემლს საბაბს მისცემს უკრაინაში 40 ათასი ჯარისკაცი შეიყვანოს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან არიან მობილიზებული.

კიევი აცხადებს, რომ კვირების განმავლობაში კრემლი რეგიონში პროვოკატორების წაქეზებას ეწევა. ამ ბრალდებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც ეთანხმება. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს, მაგრამ ეთნიკური რუსების დასაცავად უკრაინაში ჯარების შეყვანის მზადყოფნას აცხადებს. მსგავსი გაფრთხილებები ისმოდა ყირიმის ანექსიამდე რამდენიმე დღით ადრეც.

პრო-რუსი აქტივისტები ამბობენ, რომ მათ მოსკოვთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ. კრემლის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზეა.

გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბან კი მუნი შეშფოთებულია უკრაინაში არსებული მდგომარებით და ის „უკიდურესად მყიფედ“ მიაჩნია. ბან კი მუნმა რუსეთის პრეზიდენტს ასევე უთხრა, რომ „მხარეებმა სიტუაციის დეესკალაციის მიმართულებით უნდა იმუშაონ.“

რუსეთი უკრაინის ახალ მთავრობას ქვეყნის აღმოსავლეთში კრიზისის პროვოცირებაში ადანაშაულებს. ამ ბრალდების საპასუხოდ გაერო აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადება რეალური მდგომარეობის უხეში გაზვიადებაა.

ჯავშანმანქანების კოლონის ჩამორთმევით გამოწვეულ რეპუტაციის შელახვას, უკრაინის მთავრობისთვის ის დარტყმაც დაემატა, რომ ოთხშაბათს პრო-რუსულმა ძალებმა დონეცკში ქალაქის მერიაც დაიკავეს.

ერთი წარმატებული ოპერაცია, რომელიც კიევმა აღმოსავლეთ უკრაინაში ჩაატარა ქალაქ კრამატორსკთან პატარა აეროპორტის კიევის დაქვემდებარებაში დაბრუნება იყო.
XS
SM
MD
LG