ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პარლამენტი საომარი ვითარების გამოცხადებაზე იმსჯელებს


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოითხოვს რუსული მხარისგან, რომ დაუყოვნებლივ იყვნენ გათავისუფლებულნი უკრაინელი ჯარისკაცები და ხომალდები.

გუშინ ქერჩის სრუტესთან, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის სანაპიროებთან რუსულმა მხარემ უკრაინულ გემებსა და სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა, გემების ბორტზე მყოფი პირები კი დააკავა.

უკრაინული მხარის ცნობით, დაჭრილია 6 და ტყვედაა აყვანილი 20-ზე მეტი მეზღვაური. მათივე ინფორმაციით, ოდესიდან მარიუპოლისკენ მიმავალი სამივე გემი საერთაშორისო ნორმების ფარგლებში გადაადგილდებოდა, როდესაც რუსული გემი უკრაინულ ბუქსირს განზრახ შეეჯახა, რის შედეგადაც მისი რამდენიმე ნაწილი დაზიანდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი თავად უკრაინას ადანაშაულებს საერთაშორისო საკანონმდებლო ნორმების დარღვევაში „ისეთი საშიში მეთოდებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამ ზონაში გემების ნორმალურ გადაადგილებას“.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პარლამენტის საგანგებო სხდომა მოიწვია იმისთვის, რომ განიხილონ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება. თავად პრეზიდენტი მხარს უჭერს სამხედრო კაბინეტის შეთავაზებას საომარი რეჟიმის გამოცხადების შესახებ, თუმცა მისი ამოქმედებისთვის საჭიროა პარლამენტის თანხმობა.

პარლამენტის დასტურის შემთხვევაში, რეჟიმი ქვეყანაში ოფიციალურად 60 დღით უნდა გამოცხადდეს. პოროშენკო აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზებისთვის არის საჭირო და ასევე იმისთვის, რასაც ის „რუსეთის მხრიდან მზარდ აგრესიას“ უწოდებს. პოროშენკომ დასძინა, რომ უკრიანა ყველა საერთაშორისო ვალდებულების ერთგული რჩება.

დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო საგანგებო შეხვედრას გამართავს. შეხვედრის მიზანი მათი განცხადების თანახმად, მდგომარეობის ესკალაციის თავიდან აცილებაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG