უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ კიევში პრეს-კონფერენცია მოაწყო. ეს ომის განმავლობაში მისი პირველი ამ ტიპის გამოსვლაა. ერთი დღის ადრე კი უკრაინის პარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი კანონპროექტი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სამხედრო მობილიზაციის რეფორმირება. კანონპროექტით გაწვევის ასაკიც მცირდება და 27-ის ნაცვლად, ახლა ჯარში მამაკაცებს 25 წლის ასაკიდან გაიწვევენ.
კანონპროექტის გამოქვეყნებამ სოციალურ მედიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამის შემდეგ კი ზალუჟნი, რომელიც როგორც წესი ჟურნალისტებთან არ ჩნდება და კომენტარზეც გამუდმებით უარს ამბობს, მედიას პირისპირ შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. ზალუჟნი ამბობს, რომ მეტი მოქალაქის მობილიზებაა საჭირო, თუმცა უარყოფს, რომ კანონპროექტის ინიციატივა მისგან მოდის. მან სამხედრო კომისარიატების მუშაობაც გააკრიტიკა.
"მე არ ვარ კმაყოფილი იმით, როგორ მუშაობენ სამხედრო კომისარიატები. კმაყოფილი რომ ვიყო, ახლა აქ არ ვიქნებოდით, მობილიზაციის თაობაზე ამ კანონპროექტის განსახილველად", - თქვა მან. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ათობით ათასი მამაკაცი ჯარში რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად მოხალისედ წავიდა.
ზალუჟნის უამრავი კითხვა დაუსვეს ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ უკრაინის ძალებმა ქალაქ მარიინკაში უკან დაიხიეს, თუმცა იქვე ამბობს, რომ ქალაქი მუდმივი დაბომბვების გამო პრაქტიკულად აღარ არსებობს. გენერალი ამბობს, რომ ომის თვალსაზრისით, 2024 წელი 2023 წლისგან განსხვავებულ იქნება და უკრაინის ჯარი ინოვაციურ საბრძოლო ტექნოლოგიებს გამოიყენებს.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ სამხედრო მობილიზაციის კანონში ცვლილებები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
გასულ კვირას პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ შეიარაღებული ძალები თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზებას ითხოვს, რაზეც ის არაა თანახმა. ზალუჟნიმ ეს რიცხვი დაასახელა, თუმცა თქვა, რომ მოთხოვნა მისგან არ წამოსულა. ასევე აღნიშნა, რომ ეს რიცხვი ზოგადი გეგმით გათვალისწინებულ რაოდენობას ასახავს და თანდათანობით უნდა შეივსოს.
მან ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ ამას საჯაროდ არასდროს გაახმაურებდა. ამან კიდევ უფრო გააღმავა ეჭვები იმის შესახებ, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და შეიარაღებული ძალების ლიდერებს შორის განხეთქილებაა.
გენერალი ზალუჟნი უკრაინაში პოპულარული ფიგურაა. მისდამი ნდობა საზოგადოებრივი გამოკითხვებით, უკიდურესად მაღალია.
"ჩვენ 2023 წლისთვის ძალიან ამბიციური გეგმები გვქონდა. ამ წელს საგარეო სამხედრო დახმარების მასშტაბით უკმაყოფილო არ ვარ, რა თქმა უნდა სრულად არ მიგვიღია ის, რასაც ვითხოვდთ, მაგრამ ამან საშუალება მოგვცა, თავდაჯერებულად ჩაგვეტარებინა სამხედრო ოპერაციები", - თქვა მან.
ზალუჟნისა და ზელენსკის შორის დაპირისპირებაზე საუბარი მას შემდეგ გახშირდა, რაც ნოემბერში ერთ-ერთ ინტერვიუში ზალუჟნიმ თქვა, რომ ომი ჩიხისკენ მიემართებოდა და ამის მიზეზი ბრძოლის ველის ტექნოლოგიური მდგომარეობა იყო. ამ კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტი და მისი მოკავშირეები ომის მიმდინარეობას ნაკლებ რთულად აფასებენ და ამბობენ, რომ უკრაინას შეუძლია ოკუპირებული მიწის სრულად დაბრუნება.
ზალუჟნიმ ამ ინტერვიუს შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ამის გამო ბევრი კრიტიკა მიიღო, მაგრამ დროთა განმავლობაში "ხალხი მიხვდა, რომ მე აბსოლუტურად მართალი ვიყავი".
ზალუჟნის თქმით, უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა უკვე მოახდინეს რეაგირება ბებრ იმ პრობლემაზე, რომელიც სწორედ იმ ინტერვიუში დაასახელა. რაც შეეხება მობილიზაციის შესახებ ცვლილებებს, მისი თქმით, ის ელექტრონული გამოძახების სისტემის დანერგვის მომხრე იქნებოდა. ეს გენერლის აზრით, ჩაანაცვლებდა სამხედრო კომისარიატის თანამშრომლების მიერ მოქალაქეებისთვის გაწვევის ცნობის ფიზიკური გადაცემის საჭიროებას. "ჩვენ გაგვიხარდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც ჩვენს საჭიროებებს უზრუნველყოფს", - თქვა მან.