უკრაინის დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართა. ერთ-ერთი აქცენტი მან უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე გააკეთა.
„ჩემი ყოველი დღე იწყება ტექსტური შეტყობინებით. ეს არის გენერალური შტაბის მესიჯი: გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის გახსნა - 7, დანაკარგი - 2. ციფრები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ერთი რამ აქცევს დილას მშვიდობიანად. ესაა ნული. ცეცხლის გახსნა - 0, დანაკარგი - 0. მოდით, მადლობა ვუთხრათ იმათ, ვისი წყალობითაც დღეს ჩვენ აქ ვდგავართ - კაშკაშა მზისა და ლურჯი ცის ქვეშ. და რომ ამ ოვაციებმა მიაღწიონ ჩვენს დამცველებამდე, რომლებიც ახლა ქვეყნის აღმოსავლეთში იცავენ უკრაინას. სწორედ თქვენი წყალობით აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის 28-წლისთავს!“ - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ, რომელიც უკრაინელების 73-მა პროცენტმა ქვეყნის პრეზიდენტად აპრილში აირჩია, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებით ემოციური პარალელი გაავლო.
“მათ, ვისაც არ ესმის უკრაინის დღევანდელი ტკივილი, მარტივი სიტყვებით განვუმარტავ.
მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ მეზობელმა ორი შვილი წაგართვათ. პირველი უბრალოდ მოიტაცა და ახალი დაბადების მოწმობა მისცა. შემდეგ გეუბნებიან, იცით, ჩვენ თქვენი შვილი არ წაგვიყვანია. მას თავად უნდოდა ჩვენთან ცხოვრებაო. იმას არ აქვს მნიშვნელობა, რომ მას იარაღი ჰქონდა დამიზნებული. გეუბნებიან, რომ ეს მისი სურვილი იყო და საერთოდ, ვინ გითხრათ, რომ ის თქვენი შვილი იყო, ის ყოველთვის ჩვენი იყოო. მაგრამ არ იდარდოთ, მისთვის აქ ყოფნა უკეთესია. ზღვაზე, მზის ქვეშ მისთვის არაჩვეულებრივი ობოლთა თავშესაფარი გვაქვსო.”
რუსეთის მიერ დონბასის ოკუპაციაზე კი ზელენსკიმ თქვა: “თქვენი მეორე შვილი კი ოთახში გამოკეტეს შეიარაღებულ დაცვასთან ერთად. მერე გეუბნებიან, რა დაცვა? იქ არავინააო. შენ კი აქ, კედელთან დგახარ, გესმის, რომ შენი პატარა ტირის, მაგრამ მასთან ვერ შედიხარ.”
ზელენსკის თქმით, ეს ვითარება უკრაინელებს ყოველდღე უკლავს გულს. “ნებისმიერი გამარჯვება და ნებისმიერი წარმატება არასრულია იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახი ერთად არაა. მაგრამ, მოვა დღე და ჩვენ ყველა ნამდვილად შევიკრიბებით,” თქვა პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასე დეტალურად გაიხსენა დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი წლები. თუმცა დამოუკიდებლობის წლებიდან საგანგებოდ გამოჰყო 2014 წელი.
„როცა უკან ვიხედებით, შეიძლება ვთქვათ, რომ განსაზღვრულ მომენტამდე უზრუნველიც კი იყო ეს წლები, მერე კი ჩვენს უკრაინულ მიწაზე მოვიდა ომი, რომელსაც ყველანი ერთად დავუხვდით, მთელი ქვეყანა. და მართლაც, მთელი ქვეყანა აგროვებდა ჯავშანჟილეტებს, მედიკამენტებს, საწვავს. მთელი ქვეყანა მიჯაჭვული იყო ინტერნეტსა და ტელე-ეკრანებს, ელოდებოდა ცნობებს აღმოსავლეთიდან. ცნობებს, რომლებშიც სიტყვები კარგავდნენ აზრს, თვალწინ გვიდგებოდა მხოლოდ სახელები - სახელები დაღუპული გმირებისა და დასახლებული პუნქტებისა. რაც უნდა პარადოქსული იყოს, მაშინ ჩვენ მეორედ დავიბადეთ როგორც ქვეყანა და როგორც საზოგადოება. გავერთიანდით და გავიხსენეთ ის დავიწყებული გრძნობა, რომელსაც განიცდის ადამიანი, როცა სამშობლოთი ამაყობს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლიერებითა და სიამაყით აღნიშნა, რომ უკრაინამ, ცალკეული მოქალაქეების სიცოცხლის ფასად, შეინარჩუნა და განიმტკიცა დამოუკიდებლობა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ვრცელი და ემოციური სიტყვა დაასრულა ახალ, მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვან თარიღზე ოცნებით და განაცხადა, რომ ეს თარიღი - არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ დღეს და თვეს - იქნება მშვიდობის დადგომის თარიღი.
„მაშინ ჩემი დღე დაიწყება სმს შეტყობინებით: გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში დაიბადა ათასი ვაჟი და ათას ერთი გოგო.
დაბადების დღეს გილოცავ უკრაინა!
დიდება უკრაინას!“ - ამ სიტყვებით დაამთავრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი გამოსვლა უკრაინის დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავისადმი გამართულ ღონისძიებაზე.
Facebook Forum